
მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდების მშობლებმა პროტესტის მე-13 ღამე გაათენეს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან გადაწყვეტილებას ელოდებიან, რათა ქვეყანაში შემოვიდეს მედიკამენტი, რომელიც მათი შვილებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
მშობლები პროტესტის დაწყებიდან ითხოვენ პირისპირ შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან, თუმცა მათი განცხადებით, ადმინისტრაციიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან რეგიონებიდან ჩამოსული ორსული ქალებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ, ვიდრე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
მე-13 დღეა ვდგავართ ისევ მშობლები, უწყვეტ აქციაში ვართ. არავინ მოსულა ჩვენთან, არავინ გვეკითხება რატომ ვართ აქ, რისთვის ვათევთ ღამეებს. სინამდვილეში, მათ ყველაფერი კარგად იციან, უბრალოდ, არ უნდათ, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები.
აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი მაგარი, მებრძოლი ბიჭის, ბექა შონიას შესახებ. ადამიანს, რომელსაც სასუნთქი აპარატი სჭირდებოდა სასიცოცხლოდ და არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და მათ ეს სასუნთქი აპარატი არ დაუფინანსეს, - ამბობს მშობელი.
მშობლები ამბობენ, რომ ბრძოლას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
სახელმწიფო ჯერჯერობით არ პასუხობს ჩვენს მოთხოვნებზე, ამიტომ ვაგრძელებთ უწყვეტად აქ ყოფნას და ასევე ყოველ კვირას გვექნება ორი დიდი ღონისძიება. ერთი არის კვირის მარში, რომელიც არის მხოლოდ დიუშენის ბავშვებისთვის და მეორე არის კაცელარიასთან. ჩვენ ყოველ ორშაბათს 17:00 საათზე შევიკრიბებით კაცელარიასთან და ხელისუფლებას მოვთხოვთ პასუხს ამ ბავშვების პრობლემაზე, - ამბობს კახა წიქარიშვილი.