რეზონანსი
01.05.2026

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა და იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც დოკუმენტში აისახა.

„კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად შესწავლილი იქნა სამი მნიშვნელოვანი სექტორი და შესაბამისი დასკვნა მომზადდა. ეს სექტორებია - საკვების პროდუქტები, მედიკამენტები და საწვავი. შეხვედრების ფარგლებში, კომისია 70-მდე კომპანიას შეხვდა, რომლებიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორში ძირითად მოთამაშეებს წარმოადგენენ. პარალელურად შესწავლილ იქნა 80-ზე მეტი კომპანიის საოპერაციო ხარჯები და ბიზნეს პროცესები შევისწავლეთ. სამი თვის განმავლობაში ჩატარდა საველე კვლევები და საკვები პროდუქტების ფასების მონიტორინგი მიმდინარეობდა. პროდუქტების ბაზრის შესწავლის და მისი გაანალიზების შედეგად გამოვლინდა თუ როგორ ფუნქციონირებს ქართული ბაზარი და თუ რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს და ევროპის ქვეყნების ბაზრებს შორის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარემ სამივე სექტორის შესწავლის შედეგად გამოვლენილ მიგნებებზე დეტალურად ისაუბრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდისთვის შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინა. რეკომენდაციების ნაწილი შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებს, ასევე ადგილობრივი კომპანიებისთვის საოპერაციო ხარჯების და პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის შემცირების მნიშვნელობას.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, დასკვნა სტრატეგიულ მიმართულებებს ეფუძნება, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გაეგზავნება და უფრო დეტალურად დამუშავდება. დასკვნის პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ სახელით, კომისიის წევრებს კენჭისყრის გადადების რეკომენდაციით მიმართა.

„კიდევ უფრო მეტი დრო გამოვყოთ იმისთვის, რომ საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ და კონკრეტულ რეკომენდაციებზე მეტი ინფორმაცია მივიღოთ და მხოლოდ მას შემდეგ დავუჭიროთ მას მხარი“, - აღნიშნა კომისიის მდივანმა.

ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური გუნდი დასკვნას მხარს არ დაუჭერს.

„საქართველოში თუ გვინდა ფასებმა კლება დაიწყოს, ამისთვის აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ თუ გჯერათ, რომ ამ დასკვნის რელიზების შემდეგ საქართველოში ფასები კლებას დაიწყებს, წარმატებებს გისურვებთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

პროექტზე მოსაზრებების გამოთქმის შემდეგ, კომისიის წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტს კენჭი უყარეს. დასკვნის პროექტი კომისიამ 8 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×