
აღნიშნული ცვლილების შემუშავების დროს, გათვალისწინებულ იქნა ისეთი ტიპის სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდა, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოქალაქეთა დაშავებასა და გარდაცვალებას, - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეიდან ამოქმედებულ ცვლილებეზე საუბრისას. ალექსანდრე დარახველიძე მოუწოდებს მძღოლებს, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
„პირველ რიგში, აღნიშნული ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ კონტროლს თითოეულ სამართალდარღვევაზე და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბუნებრივია, მოხდება შესაბამისი მძღოლების დაჯარიმება“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. გაიზარდა სანქციები, მათ შორის ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა და სიჩქარის გადაჭარბება. 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. 50-დან 100-ს ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კილომეტრ საათზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კილომეტრ საათის სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.