
სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე საქმიანობა მამუკა მდინარაძემ დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ ახალი უმაღლესი თანამდებობა, მმართველი გუნდის განმარტებით, ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა. მამუკა მდინარაძის დანიშვნა კი, მისი მდიდარი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების გათვალისწინებით, ამ საპასუხისმგებლო პოსტზე საუკეთესო არჩევად მიიჩნევა.
ცვლილებების აუცილებლობაზე სამი დღის განმავლობაში კანონმდებლებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ესაუბრებოდა. ვახტანგ ბაჩიაშვილმა ასევე სახელმწიფო მინისტრის პორტფელის სპეციფიკაზეც ისაუბრა. განმარტა, რომ ხელისუფლებამ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისთვის კონსერვატიული მოდელი აირჩია. შესაბამისად, პრემიერსა და ვიცე-პრემიერს მომსახურებას მთელი მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს, რაც მას მეტი მანევრირების შესაძლებლობას მისცემს.
მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ და მენეჯერულ გამოცდილებაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი თქმით, მდინარაძე ახალი თანამდებობიდან ეროვნული ინტერესების გაძლიერებას მოემსახურება, ხოლო მისი აქტიური დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში "ქართული ოცნების" გუნდსაც გააძლიერებს.
მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, მამუკა მდინარაძის ახალ თანამდებობაზე ვრცლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობის დროსაც სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციას ფაქტობრივად კურირებდა. სწორედ ამ ფუნქციის გაძლიერებისთვის გახდა საჭირო სახელმწიფო მინისტრის პორტფელის შექმნა, რაც მას საშუალებას მისცემს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტურად განაგრძოს.
სამთავრობო გადაადგილებების შესახებ ცნობილი 21 აპრილს გახდა. ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი დაინიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად კი გეკა გელაძე. სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა კი მამუკა მდინარაძემ დაიკავა.