
მე არ მომერიდება იმის თქმა, რომ მომავალში ეს სამსახური, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო გაძლიერდება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა მამუკა მდინარაძემ სუს-ში გეკა გელაძის წარდგენის ღონისძიებაზე. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუნდს გვერდში დგომისა და იმ წარმატებისთვის, რომელსაც სამსახურმა მისი ხელმძღვანელობის დროს მიაღწია.
„აქ არის გუნდი, რომელთა დაუღალავმა შრომამ ჩვენ მოგვცა საშუალება ვილაპარაკოთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. ამ სამსახურს აქვს ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, არა მხოლოდ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებული როლი. მადლობა პერსონალურად თქვენ [პრემიერს] იმისათვის, თუ რამხელა მხარდაჭერა იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ეს სამსახური გაძლიერებულიყო. დღეს თუ ვინმე ლაპარაკობს ამ სამსახურის სიძლიერეზე, მთავრობის, პრემიერის მხარდაჭერა და გუნდის ერთობა, ოჯახურობა და პროფესიონალიზმი ამას უზრუნველყოფდა. ამისათვის კი თქვენ, ამ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა.
გეკა გელაძე არის ადამიანი, რომელიც მართლაც, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე აქედან წავიდა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შთამბეჭდავი იყო მისი სამსახური და ეს არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოებამაც ძალიან კარგად ნახა. მისი ხელმძღვანელობა, სისტემური მენეჯმენტი დაეტყო შსს-ს და დარწმუნებული ვარ, მე არ მომერიდება იმის თქმას, რომ მიმაჩნია, რომ მომავალში ეს სამსახური, მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.