
ხვიჩა კვარაცხელიას მამა ბადრი კვარაცხელია შვილის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს. "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბადრი კვარაცხელიამ კრიტიკოსებს მიმართა:
„თავისი შეხედულების დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, საფუძვლიანი კრიტიკა მისაღებიც არის და საჭიროც, მაგრამ ზოგჯერ, ისეთი აბსურდული ბრალდებები მხვდება, ვერც ვხვდები, რას გულისხმობენ... ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა, შეიძლება შეცდეს კიდეც. ფეხბურთელს ხან გამოგივა უკეთ თამაში, ხან - არა. მაგრამ დავიჯერო, ვინმე მართლაც ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია შეგნებულად ითამაშოს ცუდად, ან ეროვნულ ნაკრებში "ფეხებს მოუფრთხილდეს"?!
საფუძვლიანი კრიტიკა აუცილებელია. მაგრამ ადამიანმა ობიექტურობა არ უნდა დაკარგოს. ხვიჩას ფეხბურთი ძალიან უყვარს და ამდენს ამიტომ შრომობს და უძლებს. თანამედროვე ფეხბურთის დატვირთვების გაძლება ურთულესია. მით უმეტეს, კლუბებისთვის, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე "ფრონტზე" უწევთ ბრძოლა. თუ ბოლომდე არ დაიხარჯები, თავდაუზოგავად არ ივარჯიშებ და რეჟიმს არ დაიცავ, ფეხბურთს ვერ ითამაშებ! ახალგაზრდა კაცისთვის ადვილი არ არის ყოველდღე 23:00 საათზე დაძინება, მაგრამ პროფესიული სპორტი დიდ მსხვერპლს მოითხოვს. ვიღაც იტყვის ამხელა ხელფასს იღებენ და თავდადებითაც არ ითამაშონო?! მერწმუნეთ, მხოლოდ ფულისთვის ასეთი მონდომებით ვერ ითამაშებ! ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთისთვის არის დაბადებული და ამ თამაშის გამო, სხვა ყველაფერი გვერდით გადადო... თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემი შვილი რაიმე პრივილეგიით სარგებლობს, ბოლო მაგალითს მოგიყვანთ: ისრაელთან მატჩისთვის ჩამოსული, მხოლოდ 5 წუთით ვნახეთ და აეროპორტიდან პირდაპირ შეკრებაზე გაემგზავრა. ნამატჩევს კიდევ რამდენიმე წუთით ველაპარაკეთ და სულ ეს იყო - სახლში არც მოსულა..." - განაცხადა ბადრი კვარაცხხელიამ.
წყარო: "კვირის პალიტრა"