მარიამ ვეკუა
28.04.2026

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი უკვე დაასახელა - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ხმათა მკაფიო უპირატესობით ლიდერობს მეუფე შიო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროც მცირდება.

გაფართოებული საეკლესიო კრების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა. სწორედ გაფართოებულ კრებაზე უნდა გადაწყდეს, ვინ იქნება პატრიარქი.

სინოდის სხდომა პანაშვიდით, 12 საათზე დაიწყო და თითქმის 4 საათი გაგრძელდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა, ორმა სხვა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მოაგროვეს.

როგორც გაირკვა, სხვა კანდიდატები იყვნენ მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედეკი.

„დასრულდა დღევანდელი სინოდი. დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იქნა გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი, მეუფე გრიგოლი. შემდგომში, მოგეხსენებათ, რომ ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება უკვე გაფართოებულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი უკვე გვაჩვენებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი არ არის ჯერ ცნობილი. რაც შეეხება იმას, ვინ რამდენი ხმა აიღო, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა. ასევე დასახელდა კანდიდატად მეუფე გრიგოლ კაცია, მეუფე დოსითეოსი და მეუფე მელქისედექი. დღევანდელ სხდომაზე მთავარი, პრინციპული საკითხი იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით, ამის მიხედვით იხელმძღვანელა სინოდმა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

  •  მამა ანდრია ჯაღმაიძე: „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა."

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მამა ნიკოლოზის ფიქრობს, რომ „ძნელი სათქმელია", დანარჩენმა ორმა კანდიდატმა 20 ხმაზე, ანუ მოსაყდრეზე მეტი ხმა მიიღოს.

„არ არის გამორიცხული, რომ მეუფე შიომ უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს... არ ვიცი, რა იქნება. [თუმცა] უკვე გასაგებია, ღვთის ნება როგორია, დღეს ეს უკვე ცხადია. იმ კანდიდატებმა [მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი] ოცზე მეტი ხმა მიიღონ, ძნელი სათქმელია. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტი იობი

რუის ურბნისის მიტროპოლიტი იობი (ერისკაცობაში ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი) ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველი1996 წლიდანაა. იგი დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში. 1983 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი, 1989 წელს კი მცხეთის სასულიერო სემინარია. 1988 წელს ბერად აღიკვეცა, 1996 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიენიჭა, 2000 წელს კი მიტროპოლიტილიტის.

მიტროპოლიტი გრიგოლი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი) 1996 წლიდან არის ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველი. იგი დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1996 წლის 21 მარტს აღიკვეცა ბერად, ხოლო 24 მარტს ეკურთხა ფოთის ეპისკოპოსად. 1988-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1990-1994 წლებში დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. არის ფილოსოფიის დოქტორი და პროფესორი. 2003 წელს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წელს მიტროპოლიტის ხარისხი.

მეუფე შიო

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 2017 წლიდან იკავებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობას. 2003 წლიდან არის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი. ასევე მართავს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართულ სამრევლოებს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვიოლონჩელოს კლასი). სასულიერო განათლება მიიღო ბათუმის სემინარიასა და მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. არის ღვთისმეტყველების დოქტორი (ხარისხი მიიღო მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×