
ოპოზიციურ ალიანსში შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოებასთან და ზოგადად ოპიზიციურ ამომრჩეველთან არასაკმარისი და არაეფექტური კომუნიკაციაა, კრიტიკოსებისა და ალიანსის ზოგიერთი წევრის აზრით, ეს მოცემულობა გაერთიანებას ასუსტებს, რადგან პოლიტიკური ძალის მთავარი საყრდენი მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მხარდაჭერაა.
ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხალხთან პირდაპირი დიალოგის დეფიციტია, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. კომუნიკაციების სპეციალისტი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხალხთან გასვლას მომზადება სჭირდება - სარწმუნო გზავნილებისა და რეალური სტრატეგიის შემუშავებოდან დაწყებული, სანდო და სუფთა წარსულის მქონე ლიდერების შერჩევით დამთავრებული.
ამ მხრივ ოპოზიციური ალიანსი 10 მაისიდან 26 მაისამდე მასშტაბურ აქტივობებს აანონსებს, ისინი ჯერ თბილისში და შემდეგ სხვა ქალაქებში მოსახლეობასთან კარდაკარ შეხვედრებს გამართავენ, რაც 26 მაისს დედაქალაქში დიდი შეკრებით დასრულდება.
პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალიანსს მოუწოდა, რომ „საქმეზე კონცენტრირდნენ და სამიზნე გაასწორონ". მისი თქმით, ალიანსმა მთელი ეს დრო არცერთი განცხადება არ გააკეთა იმაზე, თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს - „უკიდურეს გაჭირვებაზე, ავტომობილების და ბოთლების კანონზე და ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე" და სამაგიეროდ, იცლის მის გასაკრიტიკებლად.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ ერთი ლიდერი ნიკა მელიაც ციხიდან წერს, რომ მისთვის ამოუცნობია „როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! - სწორია - ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია - ერთხელ ბრიუსელში!"
რატომ არა 10 მაისამდე
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ოპოზიციას 10 მაისამდეც შეეძლო ხალხში გასვლა, თუმცა ამას მომზადება სჭირდება, რადგან არსებობს პრობლემები, რაც ხალხთან კომუნიკაციაში ხელისშემშლელია.
„ამბობენ, რომ 10 მაისიდან დავიწყებთო, მაგრამ მანამდე ხელს რა უშლით, რომ ხალხში გავიდნენ? ვფიქრობ, აქ მაინც სხვა პრობლემებია, რადგან ხალხთან კომუნიკაციას მომზადება სჭირდება - უნდა შეიმუშაონ ის გზავნილები, რითაც ხალხთან მივლენ, არჩიონ ისეთი პიროვნებები, ვისაც ხალხი დაელაპარაკება და პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე მათთან „ალერგია" არ აქვთ.
„მარტო ის ხომ არაა, რომ კარზე დაუკაკუნო და უთხრა, ეს მე ვარ და შენთან ლაპარაკი მინდაო. ხომ გააჩნია შენ თვითონ ვინ ხარ და შენი წარსულიდან და ამჟამინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენად გაქვს მორალური უფლება იმისა, რომ ხალხთან მიხვიდე და შენი პოლიტიკური გზავნილი მიიტანო.
- ზაალ ანჯაფარიძე: „წარმოიდგინეთ, ისმის ზარი, გააღო მოქალაქემ კარი და მის წინაშე დგას ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ან გიგი უგულავა და ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა გელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, მაღალ მატერიებზე და ა.შ."
„წარმოიდგინეთ, ისმის ზარი, გააღო მოქალაქემ კარი და მის წინაშე დგას ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ან გიგი უგულავა და ისინი ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა გელაპარაკოთ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, მაღალ მატერიებზე და ა.შ. ამიტომაც ამ კუთხით არაერთი სირთულეა, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მარტივი საქმეა, მათ შორის ზოგიერთი ექსპერტი მუდმივად მოუწოდებს გადით ხალხშიო, მაგრამ ხალხში გასვლა ასე მარტივი საქმე არაა - დაჯდე ავტომობილში, ჩახვიდე რეგიონში და სოფლის ბირჟაზე შეკრებილ ხალხს შეხვდე. ამას მომზადება, ნიადაგის მოსინჯვა და ძალიან ბევრი რაღაცა სჭირდება - პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ეს საქმე ვიცი. როგორც ჩანს, ოპოზიციას ჯერჯერობით სტრატეგია, ტაქტიკა და ის გზები შემუშავებული არ აქვს, რითაც ისინი ხალხთან მისვლას აპირებენ. ვნახოთ, 10 მაისიდან რას გააკეთებენ.
„ჩვენი ხალხი მიეჩვია, რომ პოლიტიკოსები დაპირებებს უხვად იძლევიან და იმის ანალიზის უნარიც გაუჩნდა, შეაფასონ, ეს რეალისტურია, თუ უბრალოდ დაპირება. გვახსოვს მამუკა ხაზარაძისა და „ლელოს" მიერ დაპირებული 1000-ლარიანი პენსია, ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს აბსოლუტურად არარეალისტური შეთავაზება იყო და მერე ამის აღიარება თავადაც მოუწიათ. იგივე არარეალისტური იყო ე.წ. მარშალის გეგმა. ეს მცდარი სტრატეგიის ძალიან მკაფიო მაგალითებია, რომლითაც შეიძლება მიხვიდე და ხალხთან კომუნიკაცია გქონდეს.
„ხალხს ის უნდა დაანახო, რომ მე სანდო პიროვნება ვარ, სუფთა ბიოგრაფია მაქვს, ჩემი ინტელექტუალური მონაცემებით, კავშირებით და სხვა რესურსებით შემიძლია სიტუაცია უკეთესობისკენ შევცვალო და ციფრებითა და სხვა მონაცემებით კონკრეტულად დავანახო, როგორ უნდა განხორცელდეს ესა თუ ის საკითხი. გარდა ამისა, აქ ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს - შენ თუ გინდა მასებზე ზეგავლენა მოახდინო, მარტო სტატისტიკითა და პროცენტებით მანიპულირება არაფერს მოგიტანს. შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანების ემოციებზე თამაშიც კი უნდა შეგეძლოს. ხალხის ემოციებით მანიპულირება ხანდახან კი არა, ხშირად შედეგს იძლევა და თავის დროზე მიშა სააკაშვილმა სწორედ ხალხის ემოციებზე მანიპულირებით მიაღწია იმ გავლენებს, რაც მოიპოვა, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძოდა. ხალხთან კომუნიკაცია რთული ქიმიაა და როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია ასე მარტივი არაა. ამას თავის ხელოვნება აქვს და თუ ეს არ იცი, შეიძლება ხალხთან ვიზიტები ფიასკოდ გადაგექცეს."
- ანჯაფარიძე: „თარიღების გამოცხადებისა და ყოველგვარი ხმაურის გარეშეც შეიძლებოდა შეხვედრების ორგანიზება... იაფფასიანი პროპაგანდისტული ხერხია"
მისი თქმით, კონკრეტული თარიღის გამოცხადება ხალხთან კომუნიკაციის დასაწყებად „იაფფასიანი პროპაგანდისტული ხერხია".
„ვფიქრობ ეს სწორედ იმის შედეგია, რომ მათ ხალხთან კომუნიკაციაზე მკაფიო წარმოდგენა არ აქვთ. შეიძლება საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა იმან, რომ, აი, 10 მაისიდან გარდატეხა დაიწყება და შესაძლოა თარიღების დასახელება ამას ემსახურებოდეს, მაგრამ მეორე მხრივ კონკრეტული თარიღების გამოცხადება მთლად რელევანტური არ მგონია. ვთქვათ 10 მაისს ვერ მოხერხდა, მერე რას აკეთებენ?
„თარიღების გამოცხადებისა და ყოველგვარი ხმაურის გარეშეც შეიძლებოდა შეხვედრების ორგანიზება. ყველა პარტიას რეგიონებში თავიანთი აქტივისტები ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ საზოგადოების მობილიზებაში ლოჯისტიკური, თუ სხვა სახის დახმარება გაუწიონ. თარიღის გამოცხადება მემგონი უფრო იმას ემსახურება, ხალხს დაანახონ, რომ აი ამ დღიდან ვიწყებთ, რაც ჩემი აზრით იაფფასიანი პროპაგანდისტული ხერხია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.