
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში "მოამბე რეგიონები" საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშენებლო პროექტებში ხარისხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო კომპანიებმა მკაცრად დაიცვან დადგენილი სტანდარტები.
"ხარისხთან მიმართებაში კომპრომისი არ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, მაგისტრალის მშენებლობა იქნება თუ საბავშვო ბაღის, მიდგომა ყველასთან ერთნაირი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძე ასევე გამოეხმაურა გრიგოლეთის მონაკვეთის გახსნის გადავადებასთან დაკავშირებულ კითხვებს და განმარტა, რომ თავდაპირველად გზა აპრილში უნდა გახსნილიყო, თუმცა სამუშაოების პროცესში გამოვლინდა ხარვეზები ერთ-ერთ ხელოვნურ ნაგებობაზე.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ ნაგებობასთან დაკავშირებით და კონტრაქტორი დავავალდებულეთ, რომ მოეხდინა რეაგირება".
მისივე თქმით, კონტრაქტორი ვალდებული გახდა აღნიშნული ნაგებობის დემონტაჟი და ხელახალი მშენებლობა განეხორციელებინა, რამაც პროექტის დასრულების ვადები გადაავადა.
"ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პროექტების დროულად განხორციელება, თუმცა სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე. ეს არის პრინციპული საკითხი“ -აღნიშნა მან.
სოხაძის განცხადებით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი - იქნება ეს გზა, სკოლა, ბაღი თუ სხვა ობიექტი - გათვლილი უნდა იყოს ხანგრძლივ გამოყენებაზე და ემსახურებოდეს მომავალ თაობებს.
"რაც შენდება დღეს, უნდა იყოს მდგრადი და ხარისხიანი. ჩვენი მიზანია არა ერთჯერადი ეფექტი, არამედ ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში მოემსახურება მოსახლეობას", - განაცხადა მინისტრმა.