
ბოლო წლებია თავხედურად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ყოველგვარი დიპლომატიის, მორალის ჩარჩოს გარეთ მოქმედებენ და ღიად, თავხედურად არიან გამოსული თავიანთი უკვე გამოცდილი, ხელდასხმული, ე.წ. ოპოზიციის გვერდში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.
„სწორედ ამ დღეში როცაა ეს აგენტურული ქსელი, ე.წ. ოპოზიცია, რომელსაც ისინი გულშემატკივრობენ და რომელიც არის იარაღი მათ ხელში, გრძნობენ რომ ეს ვერ მოქმედებს და საზოგადოებამ მათ თავისი სახელი დაარქვა მათთან ერთად, სწორედ ამიტომ არიან ასე თავხედურად და ღიად გამოსული ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი განცხადებებით თუ ქმედებებით“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თქვა, რომ, როდესაც ევროპულ ღირებულებად ასაღებ იმას, რაც ქართულ ღირებულებებს დააკნინებს, ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა.
„როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა, რომ თურმე ლგბტქ+ პროპაგანდა ბავშვებში, არასრულწლოვანებსა და ზოგადად ქვეყანაში ევროპული გზა არის და ოჯახური ღირებულებების დაცვა თურმე ანტი ევროპულია; როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ და გიკნინებენ ყოველდღიურ და წლების რეჟიმში ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე სათნოს - სარწმუნოებას; როდესაც გესაუბრებიან, რომ თურმე აქ არ უნდა იყოს ასეთი ძლიერი ეკლესია და ამაზე სუსტ ეკლესიაზე გადის ევროპული გზა, რა თქმა უნდა ეს არის წაგებულ თამაშში შესვლა, როდესაც ქართველ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. ვერც მათ და ვერც მათმა პატრონებმა ვერ შეიცნეს რეალურად რა სურს ჩვენს საზოგადოებას“, - განმარტა კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიამ ასევე ისაუბრა ბრიუსელის ბიუროკრატიაზეც.
„როდესაც ასე დღესავით ნათელია, თუ რა სურვილი ჰქონდა ამ უბინძურეს ძალას, რომელიც მძვინვარებს დღეს ბრიუსელში, იმ არ არჩეულ ბიუროკრატიასა, თუ პოლიტიკურ ელიტაში, ეს ვერ გაივლის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა არ ჩაერთო ომში, ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და მათ აწუხებთ და მუდმივად შეაწუხებთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად თავაწეული ივლის.
არ არჩეული ბიუროკრატია არ არის ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები. ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულებები არის ის, რაზეც იდგა თავის დროზე ევროპა. სად არიან დღეს და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ევროპა, ამას ჩვენც კარგად ვხედავთ, მსოფლიოც და თავად ევროკავშირშიც ძალიან კარგად ხედავს მათივე საზოგადოება“, - დასძინა ირაკლი კირცხალიამ.