
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე მომხდარ სროლას ეხმაურება.
"კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არიან", - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, სასტუმროში, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდნენ, ცეცხლი გახსნეს. თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე მყოფი ამერიკის პრეზიდენტის, პირველი ლედის, ვიცე-პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა. საიდუმლო სამსახურმა და აშშ-ის უსაფრთხოების სხვა ორგანოებმა ალყა შემოარტყეს სასტუმროს საბანკეტო დარბაზს, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი ტრამპის გამოსვლას ელოდებოდა.
მოტივი უცნობია, თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მედია წერს, რომ ის ტორენსში მასწავლებელი იყო და ვიდეო-თამაშებიც ქმნიდა. მსროლელის ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით, თავად დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, საქმის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.