მარიამ ვეკუა
25.04.2026

ნატო-ს ავიაციამ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი გაანადგურა და ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. დრონის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ გამოუწვევია.

ოფიციალური ინფორმაციით, 24-25 აპრილის ღამეს, უკრაინაზე რუსული თავდასხმის შემდეგ, რუმინეთში დრონის ნამსხვრევები იპოვეს. ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძი და საცხოვრებელი კორპუსი - ინფრომაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რადარებმა ღამით ქვეყნის საჰაერო სივრცესთან მოახლოებული დრონები დააფიქსირეს. 02:00 საათზე ფეტეშტის ავიაბაზიდან ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ორი „ევროფაიტერ ტაიფუნის" ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა.

რუსული დრონები უკრაინის საჰაერო სივრცეში, საზღვრიდან 1.5 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ და პილოტებს პილოტებს განადგურების უფლება მიეცათ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ უკრაინის საჰაერო სივრცეში მყოფი სამიზნეების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნეს.

რუმინეთის ქალაქ გალაცის მაცხოვრებლებმა ობიექტის ჩამოვარდნის შესახებ საგანგებო სამსახურებს 02:31 საათზე შეატყობინეს.

„პირველადი ცნობებით, დაზიანდა კერძო საკუთრებაში არსებული ნაგებობა და ელექტროგადამცემი ბოძი, თუმცა ზიანი მნიშვნელოვანი არ არის. დრონის ნამსხვრევები ტერიტორიის რამდენიმე ადგილას იქნა ნაპოვნი, რომელიც რუმინეთის პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს პერსონალის მიერაა დაცული", - ნათქვამია რუმინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები, მათ უპასუხისმგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას შავი ზღვის აუზში ახალ საფრთხეს უქმნიან:

„მსგავსი ინციდენტები მოწმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, არამედ ნატო-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას".

  •  ვახტანგ მაისაია: „რუსული დრონი პირდაპირ აპირებდა რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას... ეს ჯერჯერობით არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ნატო-მ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა დაიწყო."

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, ამბობს, რომ ბრიტანული ავიაგამანადგურებლების ქმედება პრევენციული ხასიათის იყო და ეს არ ნიშნავს, რომ ნატო-მ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა დაიწყო.

„ბრიტანული ავიაგამანადგურებელი აფრინდა რუმინეთის ტერიტორიაზე განხორციელდა ნატოს საერთო სამოკავშირეო აეროპატრულირების პროგრამის ფარგლებში, რაც ნატომ დაიწყო 2022 წლიდან, რომ თავის აღმოსავლეთის სასაზღვრო ზოლში საჰაერო დაცვითი სისტემების გაუმჯობესება მოახდინოს, რათა ტერიტორიაზე არ შემოფრინდეს უცხო ქვეყნის დრონები, საუბარია რუსულ დრონებზე.

„ბრიტანულმა ავიაგამანადგურებლებმა რუმინეთის საჰაერო სივრციდან უბრალოდ დისტანციურად გაანადგურეს რუსული დრონი, რომელიც რუმინეთის ტერიტორიას უახლოვდებოდა უკრაინის საჰაერო სივრციდან - ეს ნიუანსია, რომ მკითხველმა იცოდეს.

„უბრალოდ, რუსებმა რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა საჰაერო დრონების მეშვეობით რამდენჯერმე სცადეს და ეს რომ არ მომხდარიყო, ბრიტანელებმა პრევენციის მიზნით რუსული დრონი ჩამოგდება გადაწყვიტეს, რადგან რუსული დრონი პირდაპირ აპირებდა რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.

„ასე რომ, ეს (პრეცედენტი) ჯერჯერობით არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ნატო-მ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა დაიწყო. ეს ყველაფერი განხორციელდა ნატო-ს უშუალო ვალდებულების ფორმატში", - ამბობს მაისაია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×