
თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კაცი ახალგორელი სტუდენტი აღმოჩნდა.
“რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, 27 წლის თამაზ გოლოევი (გოლოთი), ახალგორიდანაა. მამით ოსი და დედით ქართველი თამაზი ცხინვალში სწავლობდა და ხშირად ჩადიოდა თბილისში.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ თბილისში ინფორმაციის გასარკვევად ჩავიდა, თუმცა შვილის შესახებ არაფერს ეუბნებიან.
როგორც ის ჰყვება, თამაზი თბილისში ახალგორიდან 2026 წლის 22 აპრილს, დილით ჩავიდა და ჩასვლისთანავე დააკავეს, რის შესახებაც ტელევიზორიდან გაიგო. შემდეგ თბილისში თვითონაც ჩავიდა, თუმცა შვილთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
„მე არაფერი ვიცი, არც შემიშვეს, ვერაფერს გეტყვით, არაფერს მეუბნებიან“, - თქვა მან.
დედის ინფორმაციით, მისი შვილის სასამართლო პროცესი, რომელზეც თამაზ გოლოევისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ, ჯერ არ გამართულა.
„მგონია, რომ ტყუილად აბრალებენ“, - ამბობს დედა და ამატებს, რომ შვილისთვის არაფერი საეჭვო არ შეუმჩნევია.
ქალმა არაფერი იცის საქმის ორ სხვა ფიგურანტზე, რომლებიც სუსის ცნობით, ასევე ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი და მათზე ძებნაა გამოცხადებული.
რადიო თავისუფლება