რეზონანსი
23.04.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან [იგორ ბლაჟევიჩი] დაკავშირებით, მისი მონაწილეობით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის განმარტებით, ჩეხეთში მისი ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩს არ უკავშირდებოდა.

„გამახსენდა ერთი ე.წ. ნიუსი, ჯერჯერობით უცნობია და ვარკვევთ, უკავშირდებოდა თუ არა მდინარაძის ვიზიტი [ჩეხეთში] ბლაჟევიჩს, ახლა უკვე შემიძლია გაგცეთ პასუხი: არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმიური სამუშაო ვიზიტი, ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, უსაფრთხობის და დაზვერვის სამსახურების უფროსებთან. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეტს აღარ გავაგრძელებ, თუმცა რაღაც ჩაჭიდებული საუბარი ამასთან დაკავშირებით არ გვქონია.

რაც შეეხება ბლაჟევიჩს, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შემდეგი წინადადება ბევრ ადამიანს არ მოეწონება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი [ოპოზიცია] თამამად საუბრობენ, რომ არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაც-ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მოვა დრო და ძალოვანი უწყებები იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად.

„მოვა დრო და ვილაპარკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, რა მიზანი აქვთ, რა ვერ ქნეს და რა ქნეს. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი [ოპოზიცია] უკვე ძალიან გაფრთხილდნენ, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით გაჟონა ამ ინფორმაციამ.

როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის, დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები და დავალებები გადაწყვიტეს. აქაც ჩვენ შიდაუწყებრივად, საბედნიეროდ, გავძლიერდით სამართალდამცველები ისე, რომ „ჩავმჯდარიყავით“ იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. მე რომ ძალიან თამამი ვარ ამ განცხადებისას, ეს იმის ბრალია, რომ ყველა ნორმის განუხრელი დაცვით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კეთილი ინებონ, ამასაც დაანებონ თავი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×