რეზონანსი
21.04.2026

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობენ და ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, დეტალურად შეისწავლოს წამლების მოქმედება და ინფორმაცია მოიძიოს.

მშობლების თქმით, მიხეილ სარჯველაძემ თავის განცხადებაში „ყველა პრეპარატი მომაკვდინებლად გამოაცხადა“ და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები მხოლოდ ჰორმონის მოხმარებაზე დატოვა, რომელსაც ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ პროტესტს, რადგან ჯანდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადება არ არის მათთვის მისაღები პასუხი. 

„ჩვენ, ახლა, მშობლებმა მოვისმინეთ ბატონი მინისტრის განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ ის პრეპარატები, რომლებიც აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე, არ არის ეფექტური და პირდაპირი გაგებით, მან როგორც გადმოგვცა, ეს პრეპარატები არის ბავშვებისთვის მომაკვდინებელი. ამიტომ, ბატონ მინისტრს ვთხოვთ, რომ დეტალურად შეისწავლოს და წვდომა ჰქონდეს იმ კომპანიებთან და იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წამლების ეფექტურობა დადასტურებულია, დასაბუთებულია და ინფორმაცია მოიძიოს ჩვენი მშობლებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არიან ამერიკის, ევროპის მოქალაქეები და მათგან მიიღოს უშუალო ინფორმაცია. 

მაგალითად, ბავშვი, რომელიც არის ამერიკის მოქალაქე, ბავშვი, რომელიც ვერ გადაადგილდებოდა, ერთ სართულსაც ვერ გაივლიდა, „ელევიდისის“ მიღების შემდეგ, ბავშვმა ცხრა სართული თავისუფლად გაიარა. ამაზე ვითხოვთ პასუხს. მან ყველა პრეპარატი გაანულა და დაგვტოვა მხოლოდ ჰორმონების იმედად. რა პრეპარატიც არსებობს, ყველა ყოფილა თურმე მომაკვდინებელი და დაგვტოვა მხოლოდ და მხოლოდ ჰორმონის მოხმარებაზე, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტი, ბავშვებს ასიებს, მომქედებს ძვლებზე და ა.შ.. მან ფაქტობრივად პასუხი ვერ გაგვცა და ჩვენ ვერ მივიღეთ მისგან დასაბუთებული პასუხი. მან, როგორც ჩანს, ზედაპირულად მიღებული ინფორმაცია გადმოგვცა. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, რადგან ეს არ არის ჩვენთვის მისაღები პასუხი“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×