რეზონანსი
20.04.2026

გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ უკრაინას მიენიჭოს „სიმბოლური“ სარგებელი გაწევრიანებისწინა ფაზაში, რაც გამორიცხავს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიებსა და ხმის მიცემის უფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

ეს ინიციატივა არ შეესაბამება კიევის იმედებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ, რაც რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ იგეგმებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირში გაწევრიანებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ სარგებლად მიიჩნევს და მოითხოვს, რომ მისი ქვეყანა ბლოკს უკვე 2027 წელს შეუერთდეს.

თუმცა, ევროკავშირის უმსხვილესმა წევრებმა თავი შეიკავეს ევროკომისიის იმ წინადადებებისგან, რომელიც გაწევრიანების ნელი და ბიუროკრატიული პროცესის შეცვლას ითვალისწინებდა კიევისთვის სწრაფი სარგებლის მისანიჭებლად.

გერმანული და ფრანგული წინადადებები, რომლებიც წარმოდგენილია FT-ის მიერ მოპოვებულ ცალკეულ დოკუმენტებში, ცივ წყალს ასხამს კიევის იმედებს იმის შესახებ, რომ ომით დაზარალებულ ქვეყანას ბლოკში გაწევრიანების გზაზე პრივილეგირებული სტატუსი მიენიჭება.

გერმანია ლობირებს „ასოცირებული წევრობის“ სტატუსს - რომლის ფარგლებშიც კიევი დაესწრება მინისტრებისა და ლიდერების შეხვედრებს, თუმცა არ ექნება ხმის მიცემის უფლება და ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის „ავტომატური გამოყენების“ შესაძლებლობა.

საფრანგეთი ასეთ შუალედურ წევრობას უწოდებს „ინტეგრირებული სახელმწიფოს სტატუსს“, რომლის მიხედვითაც წვდომა „ერთიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკასა და ევროპულ დაფინანსებაზე გადავადებული უნდა იყოს გაწევრიანების შემდგომი ფაზისთვის“.

წევრობის უფრო „მსუბუქი“ ვერსია, მიუხედავად ყველაფრისა, მოიცავს ევროკავშირის ურთიერთდაცვის პუნქტს, რაც კიევისთვის ერთ-ერთ მთავარ სარგებლად განიხილება იმის ფონზე, რომ ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას. გერმანულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასეთი პუნქტი „შესაძლოა დე ფაქტო ამოქმედდეს უბრალო პოლიტიკური დეკლარაციის საფუძველზე“.

თუმცა, ბიუჯეტის „ავტომატური გამოყენება“ არ მოხდება. ამის ნაცვლად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებში „მოლაპარაკებების პროგრესისა და გარდამავალი წესების შესაბამისად“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×