
ანტიდემოკრატიული პროცესების და არეულობის მოწყობის მცდელობა საქართველოში, რისთვისაც ევროკავშირის ტერიტორია გამოიყენება - მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლაჟევიჩი განაგრძობს გარკვეული ჯგუფების მომზადებასა და ინსტრუქტაჟს, მათ შორის არიან "მომავლის აკადემია", მოძრაობები "წერტილი" და "ფარი". ბლაჟევიჩის ორგანიზაცია კი დასავლური ფონდებიდან ფინანსდება. მედიის ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში არსებულ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ იგორ ბლაჟევიჩი არის იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი და მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც ოპოზიციას კონკრეტული გეგმა შეუდგინა.
"ბლაჟევიჩიც არის ზუსტად იგივე ტიპის აქტორი, როგორიც იყო აკერმანი თავის დროზე, შემდეგ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც კონკრეტული გეგმა და გზამკვლევი შეუდგინა ოპოზიციას, თუ როგორ უნდა გადაეყვანათ საპროტესტო აქცია სამოქალაქო დაპირისპირებაში. ასევე, ჩვენ გვახსენდება კანვასის ტრენინგები. და ყველა ეს აქტორი რით გამოირჩევა? იმით, რომ სახელი აქვთ მოხვეჭილი რევოლუციური სცენარების დაგეგმვაში და ახლა, კონკრეტულად ეს ბატონი ჩეხეთიდან ასრულებს ზუსტად იგივე მისიას რადიკალური ოპოზიციისთვის“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.