
ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ის ბოლო რამდენიმე წელია, ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა. ბერი ნიკოლოზის ბინის კართან მუდამ იმყოფებოდნენ მისი მიმდევრები და მდუმარე ბერისგან დალოცვას 24 საათის განმავლობაში ელოდა სადარბაზოში შეკრებილი ჯგუფი.
როგორც გვერდი “ქრისტე მეფე ნარიმანი“ წერს, 9 აპრილის შემდეგ, ბერი ნიკოლოზი ბინიდან არ გასულა. ბოლოს მას გადაადგილება უჭირდა და დაუძლურებელი იყო.
“მამა ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინის წინა ბინაში, შევიდა ორი პოლიციელი და ბინის მეპატრონე. გამოსვლის მერე კარებზე დატოვეს განცხადება: "ბინაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა." მრევლის ორი წევრი იქ იმყოფებოდა... თვითმხილველები. 17.04.2026.
შეგახსენებთ, რომ 9.04.2026. მამა ნიკოლოზი თავისი საცხოვრებელი ბინიდან გამოვიდა და მრევლის დახმარებით წინა მეზობლის კარებთან მივიდა, უჭირდა გადაადგილება, კარის სახელური ორჯერ ჩამოწია და გასაღების ადგილზე მიანიშნა. მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს,“ - წერდა ორი დღის წინ გვერდი.
მდუმარე ბერის კიდევ ერთი მიმდევარი წერდა, რომ 9 აპრილის შემდეგ ბინის კარები არ გაღებულა.
“9 აპრილიდან დღემდე არის 7დღე გასული, არ სრულდება მამაოს კურთხევა, არ იხსნება მეზობელი მაია სირაძის ბინა და ვერ ხდება წინსვლა...“ - წერდა ფიქრია კირკიტაძე.
ფეისბუქ გვერდი “ქრისტე მეფე ნარიმანი“ კი 16 აპრილს ამახვილებდა ამაზე ყურადღებას:
“sos 16.04.2026. დაგვეხმარეთ მამა ნიკოლოზის კურთხევების შესრულების გარეშე, განწირულია დაღუპვისთვის კეთილი სისტემა,“ - აღნიშნულია გვერდზე.
წყარო: ambebi.ge