
„საქართველოს მთავრობის ამოცანაა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არა, ზოგადად პლანეტარული კეთილდღეობის დამყარება. აქედან გამომდინარე, რეგულაციები სწორია“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ.
მახარაძის თქმით, ტაქსისტებთან, გიდებთან და კურიერებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები კარგია, მაგრამ ეს არის ცალკეული შემთხვევები და ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა მისთვის ახლა არადამაკმაყოფილებელია.
„პირველი, მორალური საკითხი, საქართველოს მთავრობის ვალდებულება არ არის კოსმიური სამართლიანობის დამყარება. საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქეების წინაშე და რატომ არის პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა მორალური, შემიძლია მარტივი საყოფაცხოვრებო ანალოგია მოვიყვანო.
მაგალითად, ოჯახის უფროსს - მამას, რატომ აქვს მორალურად გამართლებული ვალდებულება, რომ თავისი შვილები ან ოჯახის სხვა წევრები დაასაქმოს სადღაც, სადაც შესაძლოა უცხო უფრო ნაკლებ თანხაზე ასრულებდეს იგივე სამუშაოს, რა მორალური ლოგიკაც მანდ მუშაობს, ზუსტად იგივე მორალური ლოგიკა შეგვიძლია გადმოვიტანოთ. საქართველოს მთავრობის ამოცანაა კონკრეტულად საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და არა, ზოგადად პლანეტარული კეთილდღეობის დამყარება. აქედან გამომდინარე, რეგულაციები სწორია.
ჩემთვის, კონკრეტული მაგალითები რაც არის ტაქსისტებზე, გიდებსა და კურიერებზე, კარგი ნაბიჯია, მაგრამ ეს არის ცალკეული შემთხვევები და ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა ჩემთვის ახლა არადამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა მან.