
უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ქართული ოპოზიციისთვის ახალი პოლიტიკური სიგნალი გახდა - ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ისმის რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. მმართველი გუნდი ოპონენტების შანსებს გამორიცხავს, ხოლო მთავარი კითხვები ასე ფორმირდება: იყო თუ არა ბოიკოტი შეცდომა და ჰყავს თუ არა ოპოზიციას ლიდერი, რომელსაც „მადიარობა" შეუძლია?
ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. "ივანიშვილი სამხრეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს 50 კილომეტრის რადიუსში ხურავს, შიში, მეგალომანია თუ... ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება!" - წერს ზურაბიშვილი
იყო თუ არა ბოიკოტი შეცდომა?
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერების ბოიკოტს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და ეს დიდი შეცდომა იყო.
„მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ბოიკოტის, გამონაკლისი ვიყავი თავიდნავე, როგორც კი ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, იმავე ღამეს განვაცხადე, რომ ახლა საჭიროა ოპოზიცია მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის.
თავისთავად მათ, რომლებიც ლაპარაკობენ, რომ არჩევნები აუცილებელია, მაგრამ, ამავე დროს, თავის დროზე არჩევნებში მონაწილეობდნენ, საზოგადოებას უნდა აუხსნან ორი რამ - რატომ არ შევიდნენ პარლამენტში, რა მიზნები, რა ამოცანები ჰქონდა პარლამენტში არშესვლას, მიაღწიეს თუ არა მიზნებს, რა შედეგებზე იყო გათვლილი ეს ყველაფერი და ამავე დროს, პასუხი უნდა გასცენ მეორე კითხვას, რა შედეგებზე იყო გათვლილი ბოიკოტი, მიიღეს თუ არა ის, რისი მიღებაც უნდოდათ და თუ არ მიიღეს, რატომ არ მიიღეს..
„ოცნება" გამაოგნებლად გაძლიერებულია საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ასე რომ, შემდეგ არჩევნებში ოპოზიცია უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებს, ვიდრე 2024 წელს მიიღო."
კითხვაზე, რას აკეთებს ახლა ოპოზიცია და რა უნდა გააკეთოს რეალურად, მითუმტეს იმის ფონზე, როცა საზოგადოების ნაწილში არის განცდა, რომ ის ხელისუფლებაზე ბოლო პერიოდში დიდად ზეწოლას ვერ ახდენს, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ ის გოდოს მოლოდინშია.
„გოდოს მოლოდინშია დღეს ოპოზიცია, მთავარი გმირები ფიქრობენ, თავი მოვიკლათო, მაგრამ ჯერ გოდოს დაველოდოთო. ეს არის მოკლე შეჯამება, ოპოზიციას დღეს არჩევანი აქვს - ან თვითლიკვიდაცია მოახდინოს ან „მოიცა კიდე რამეს დაველოდოთ". ეს „რაღაც" არის უკრაინაში ომის დასრულება, რუსეთის დამარცხება, მოლოდინი, რომ ევროკავშირი ივანიშვილს დაასანქცირებს, ოპოზიცია ძალიან დაბნეულია, აშკარად ჩანს, რომ ხაფანგში, რომელიც „ოცნებას" დაუგო, თვითონ გაეხვა.
- პაატა ზაქარეიშვილი: "გოდოს მოლოდინშია დღეს ოპოზიცია, მთავარი გმირები ფიქრობენ, თავი მოვიკლათო, მაგრამ ჯერ გოდოს დაველოდოთო. (...)ოპოზიციას დღეს არჩევანი აქვს - ან თვითლიკვიდაცია მოახდინოს ან „მოიცა კიდე რამეს დაველოდოთო"
ამიტომ მათ პირველ რიგში უნდა დაიწყონ ბოდიშით, რომ არ გამოუვიდათ ის, რაც უნდოდათ, თქვან, რომ აწი აუცილებლად მიიღებენ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას." - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ის, ვინც ქართულ ოპოზიციაში „მადიარობას" შეძლებს, გვპასუხობს:
„ლიდერი არ ჩანს. ვიდრე ბოიკოტის მომხრე ოპოზიციაში ლიდერად სააკაშვილი ითვლება, ლიდერი არ გამოჩნდება, სააკაშვილმა უნდა თქვას, რომ მისი დრო წავიდა. მე ვსაუბრობ ბოიკოტის მომხრე პარტიებზე, არის მეორე ძალა, რომელიც პარლამენტში გავიდა, „ლელო" და გახარია.
გახარიას პარტიას ჰყავს გახარია, „ლელოსაც" ჰყავს ლიდერები, ლიდერმა თავისი თავი თვითონ უნდა შექმნას, როგორც სააკაშვილმა თავის დროზე, არაფრისგან შექმნა თავის თავი, როგორც გამსახურდიამ შექმნა, ლიდერი ზემოდან არა, ქვემოდან იქმნება. სააკაშვილმა თავისი ლიდერობა გალია, ასე რომ, თვითონ უნდა გამოჩნდეს ახალი ლიდერი.
თუმცა ჯერ მე ვერ ვხედავ, არ ჩანს. უკვე 2 წელიწადში იქნება მორიგი არჩევნები, მანამდე თუ ვინმე რამეს ფიქრობს, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ ყველაზე, ყველაზე გვიან არჩევნები 2028 წლის ოქტომბერში იქნება, ასე რომ კეთილი ინებონ და მოემზადონ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.