მარიამ ვეკუა
18.04.2026

2025-2026 წლები საქართველოს განათლების სისტემისთვის გარდამტეხ ეტაპად ყალიბდება - სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, თუმცა პარალელურად მცირდება მისაღები ადგილების რაოდენობა, იცვლება დიპლომების სტატუსი, 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება. რეფორმების პაკეტი, რომელიც სკოლიდან უმაღლეს განათლებამდე ვრცელდება, ერთდროულად აჩენს როგორც ახალ შესაძლებლობებს, ისე ბევრ კითხვასაც.

2025-2026 წელი განათლების სისტემაში დიდი რეფორმებისა დაცვლილებების წელი აღმოჩნდა, ამ წელს სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეურებზე სწავლას უფასოდ შეძლებენ, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა კვოტებისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობა. სამაგისტრო და ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, სექტემბერში ჩარიცხული სტუდენტები კი ახალი რეფორმის ფარგლებში პირველი ნაკადი იქნება.

გარდა ამისა, 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი შეიძლება მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს. ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ფარგლებშია დაგეგმილი, რომლის ავტორიც განათლების სამინისტროა.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ დღეს მოქმედი კანონით, 2010 წლის სექტემბრამდე 4-წლიანი პროგრამების დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ. დაუსწრებელი) ერთსაფეხურიანი პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება, კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს ქმნის უთანასწორო მდგომარეობას, რაც ცვლილებების მიღების შემთხვევაში გამოსწორდება.

„ამ ცვლილების გარეშე პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხწლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც 4-წლიანი (ე.წ. დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ. დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

საინტერესოა ისიც, რომ 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება.

კანონპროექტი ასევე ეხება იმ პირებს, რომლებმაც 2010 წლის სექტემბრამდე სწავლა დაასრულეს ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც დაკარგეს ან ვერ გაიარეს აკრედიტაცია. ცვლილებების მიხედვით, მათი განათლების აღიარება სასამართლოს ჩარევის გარეშე გახდება შესაძლებელი.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჩაირიცხნენ და სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის დაკარგვის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება.

„გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის ან წლის განმავლობაში)), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე," - წერია კანონპროექტში.

„კრედიტების რაოდენობის ცვლილება"

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება. კანონში დეკემბერში შეტანილი ცვლილებით ახლებურად არის განისაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა. ეს შეეხება როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებს.

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ჩარიცხულ მაგისტრანტებთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.

„კერძოდ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები. სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან.

„რაც შეეხება დოქტორანტურის საფეხურს, კანონში განხორციელებული ცვლილებით კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა - პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს არანაკლებ 3 წელს. შესაბამისად, ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე სამართლებრივად და შინაარსობრივად მოკლებულია საფუძველს", - აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სკოლის ფორმები

2026 წლიდან სახელმწიფო სკოლებში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ფორმების ტარებაც სავალდებულო ხდება, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შესასყიდი რაოდენობა და ესკიზები ცნობილია.

  • მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია: „სასკოლო ფორმები დაახლოებით იქნება 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უჯდება"

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმებისთვის განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა" ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, მეორე ეტაპი კი საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ამტკიცებს, სასკოლო ფორმები ბევრად უფრო იაფი იქნება, „ვიდრე მშობელს დღეს მისი სასკოლო აღჭურვა უხდება".

„ვერ დაგეთანხმებით „ძვირადღირებულობასთან" დაკავშირებით. ამის მოკვლევა ჩატარებული გვაქვს, რა თქმა უნდა. სასკოლო ფორმები დაახლოებით იქნება 30-დან 50 პროცენტამდე უფრო იაფი, ვიდრე მშობელს დღეს უხდება მისი სასკოლო აღჭურვა. სოციალურად დაუცველ პირებზე მინისტრმა განაცხადა, რომ 60 000 ქულაზე ნაკლებ მოსწავლეებზე სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და თვითონ უზრუნველყოფს აღნიშნული ტიპის დაფინანსებას. არის მშობელთა დიდი ნაწილი, რომელთაც აბსოლუტურად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რა თანხაზეა საუბარი და რა დაჯდება ერთი მოსწავლის ფორმა, გაბისონიამ უპასუხა, რომ ფორმის ღირებულება, ალბათ, „ერთ ასეულ ლართან დაახლოებული რიცხვი იქნება".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×