რეზონანსი
18.04.2026

ისრაელმა თეთრ სახლს სთხოვა განმარტება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა, -ამის შესახებ „აქსიოსს“ ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპის განცხადებით „შოკირებული, გაოგნებული და შეშფოთებული იყო“.

როგორც „აქსიოსი“ წერს, ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ტრამპის განცხადება მედიით შეიტყვეს და შოკირებული იყვნენ, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტს, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, 16 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, შესანიშნავი საუბარი ჰქონდა ლიბანის პრეზიდენტთან, ჯოზეფ აუნთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

„მე დავავალე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარესთან, დენ რაზინ კეინთან ერთად, ისრაელთან და ლიბანთან ერთად ემუშავათ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩემთვის პატივი იყო მსოფლიოში ცხრა ომის მოგვარება და ეს მეათე იქნება, ამიტომ, მოდით, გავაკეთოთ ეს“, - დაწერა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს თეთრ სახლში იწვევს მოსალაპარაკებლად. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, 1983 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×