
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ცნობით, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა. ინფორმაციას მედია ირანის ცენტრალურ სამხედრო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, საზღვაო გადაზიდვების ძირითადი ზოლი „ისევ დაიხურა და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“. სრუტის კვლავ დახურვის მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს.
„ირანის ცენტრალური სამხედრო შტაბბინა: ირანი დათანხმდა შეზღუდული რაოდენობის გემების გავლას ჰორმუზის სრუტეში, შეთანხმებების შესაბამისად, თუმცა, აშშ-მა არ შეასრულა თავისი ვალდებულებები. ამრიგად, ჰორმუზის სრუტე ახლა ისევ დაკეტილია და გავლას ირანის თანხმობა სჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია უნდა ყოფილიყო.
ნავიგაციის პლატფორმის ცნობით, გამთენიისას, რამდენიმე გემმა ჰორმუზის სრუტეში ორივე მიმართულებით გაიარა.