რეზონანსი
17.04.2026

დაყადაღებულია „სინდისის პატიმრის“, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის საბანკო ანგარიშები. თამთა ჩხეიძის თქმით, მას 25 000 ლარის ჯარიმები აქვს. პატიმრის ცოლი „TV პირველთან“ განმარტავს, რომ გიორგი ოკმელაშვილის დაკავების შემდეგმ მცირეწლოვან შვილთან ერთად, თავისი ხელფასით საზრდოობდა, რომელიც საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა. თამთა ჩხეიძე ამბობს, რომ ყადაღას გაასაჩივრებს. 

„გუშინ დამირეკეს დილის საათებში სააღსრულებო ბიუროდან და მითხრეს, რომ ხუთი 5 000-ლარიანი ჯარიმა მაქვს, ტროტუარზე დგომის, თუ გზის გადაკეტვის გამო არ ვიცი იმიტომ, რომ 2025 წლის აგვისტოს, სექტემბრის და ოქტომბრის დღეები მითხრეს. ჩვეულებრივად, ხელფასი მერიცხება ანგარიშზე, ჩემ შვილს ამითი ვარჩენ, ამითი ვსაზრდოობ იმიტომ, რომ ოკმელა აღარ არის, დაჭერილი ჰყავთ და ესეც, ბოლო ნაწილი რაც მქონდა, ესეც დამიყადაღეს და შემიჩერეს.  არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები, კიდევ ბევრჯერ დავდგები, ყოველდღე ვიქნები და ყოველდღე გამოვხატავ ჩემ აზრს და დავაფიქსირებ ყველგან აბსოლუტურად. ამ ყველაფერს ახლა გავასაჩივრებთ“, - ამბობს თამთა ჩხეიძე. 

ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა. მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×