
2026 წლის მარტში საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ 320.6 მლნ დოლარი ( 871.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.8%-ით (28.7 მლნ დოლარით) მეტია 2025 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის განახლებული სტატისტიკიდან.
ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებში 45.41% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 54.59% დანარჩენ ქვეყნებზე მოდიოდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 145.58 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 10.7%-იანი ზრდაა. ყველა დანარჩენი ქვეყნიდან განხორციელებულმა გადმორიცხვებმა 175.02 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 9.85%-იან წლიურ ზრდაზე მიანიშნებს.
„უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.7% იმ 27 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 27 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 96.6% მოდიოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ფულად გზავნილებში აშშ და იტალია ლიდერობენ
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შორის ფულად გზავნილებში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობდა, მას კი მოსდევდა იტალია, რუსეთი, გერმანია და საბერძნეთი.
უფრო კონკრეტულად, 10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის თანხა გადმოირიცხა, ასე გამოყურება:
აშშ - 61 მლნ აშშ დოლარი;
იტალია - 55.29 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთი - 38.20 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია - 28.33 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი - 26.89 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი - 26.88 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი - 11.55 მლნ აშშ დოლარი;
ესპანეთი - 8.75 მლნ აშშ დოლარი;
საფრანგეთი - 6.58 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი - 6.44 მლნ აშშ დოლარი.