
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, უკრაინა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ.
ამის შესახებ მარკ რუტემ ბერლინში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის რიგით 34-ე შეხვედრაზე განაცხადა.
„რუსეთის აგრესიულ ომში შესვენება არ არის. რუსეთი აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს დღისით და ღამით. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის შეკავებას, უკრაინელი ხალხი დღესაც აგრძელებს წინააღმდეგობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება ნატო-ს PURL-ის მექანიზმის ფარგლებში და ასევე ყურადღება გაამახვილა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე, მათ შორის რაკეტებისა და დრონების მიწოდებაზე გერმანიის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ.
„უკრაინა ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს. რუსეთი ბრძოლის ველზე სირთულეებს აწყდება. გამარჯვება პუტინისთვის ახლა შორეული ოცნებაა და ჩვენ ასევე ვნახეთ მედიაში, რომ პუტინი აცნობიერებს რუსეთის ეკონომიკის ცუდ მდგომარეობას“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.