
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გააკრიტიკა და „სიენენ“-ს განუცხადა, რომ „ბლოკადა არასოდეს არის გამოსავალი“.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ბლოკადები სხვა ბლოკადების გადაწყვეტა არ არის“, - განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამ კვირაში გამართულ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ინიცირებულ იმ ქვეყნების კოალიციის კონფერენციაზე მიუთითა, რომლებიც მზად არიან ჰორმუზის სრუტეში თავდაცვითი ზომები მიიღონ, და მას წინსვლის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გზა უწოდა.
„ჩვენ სწორი გზით მივდივართ, სწორი გზა კი ამ საკითხის საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით გადაჭრაა“, - განაცხადა მან.
როდესაც მას მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მსგავსი კოალიციის ავტორიზაციის შესახებ გასულ კვირას ჩინეთმა და რუსეთმა დაბლოკეს, კოშტამ აღნიშნა, რომ პროგრესის მიღწევა მაინც არ არის „შეუძლებელი“.
„იდეალურ სამყაროში ჩვენ გვექნებოდა ეს მანდატი გაეროს უშიშროების საბჭოსგან, თუმცა შეუძლებელი არ არის მოქმედება სხვა ჩარჩოებში - არა როგორც ამ ომის ნაწილი, არამედ როგორც სამშვიდობო გამოსავლის ნაწილი“, - განაცხადა კოშტამ.