
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ელჩებთან, სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ერთად კარგი სამუშაო გაწია ირანთან მოლაპარაკებების კუთხით.
„შემიძლია გითხრათ, რომ მეორე მხარემ დაგვირეკა, მათ ძალიან, ძალიან სურთ შეთანხმების დადება", - აღნიშნა ტრამპმა.
კითხვაზე, თუ რა იყო საკითხი, რომელმაც მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანა, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ბირთვულ იარაღს ეხებოდა.
„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ჩვენ ბევრ რამეზე დავთანხმდით, მაგრამ ისინი ამაზე არ დათანხმდნენ. და ვფიქრობ, რომ ისინი ამას დათანხმდებიან", - აღნიშნა ტრამპმა.
მან ,ასევე , აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის საკითხზეც ისაუბრა.
„ვერ დავუშვებთ, რომ რომელიმე ქვეყანამ შანტაჟი ან გამოძალვა განახორციელოს მსოფლიოს მიმართ და ისინი სწორედ ამას აკეთებენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ბევრი გემი მიემართება ჩვენი ქვეყნისკენ საუკეთესო ნავთობით ჩასატვირთად", - აღნიშნა ტრამპმა.