რეზონანსი
13.04.2026

 თეთრმა სახლმა ბრძანება უკვე გასცა, პენტაგონიდან შესაბამისი მითითებები ცენტრალურმა სარდლობამ მიიღო. შტატების არმია ისტორიაში უპრეცედენტო ოპერაციას იწყებს. მიზანი: მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში ირანის პორტებისკენ მიმავალი ნებისმიერი გემის ბლოკირება. არაბეთისა და ომანის ყურეებში საზღვაო კორდონის მოწყობის ამოცანაა ისლამური რესპუბლიკისთვის ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების მაქსიმალური შეზღუდვა, სრუტეში გემებისთვის ირანის მიერ დაწესებული გადასახადების აღკვეთა და ფართომასშტაბიანი ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციის დაწყება.

პენტაგონის გადაწყვეტილებას ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ეხმაურება. თეირანი ვაშინგტონს აფრთხილებს: ჰორმუზის სრუტესთან ნებისმიერი სამხედრო ხომალდის მიახლოება ორკვირიანი მოქმედი ზავის დარღვევად შეფასდება და "მძლავრ საპასუხო დარტყმას" გამოიწვევს.

სტრატეგიული დერეფნის ბლოკირების ოპერაციას მხარს უჭერს შტატების მთავარი მოკავშირე - ისრაელი. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იერუსალიმი სრულ ნდობას უცხადებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას. პრემიერი განმარტავს, რომ საკითხზე მისი კაბინეტი თეთრ სახლთან მუდმივ კოორდინაციაშია. ნეთანიაჰუს თქმით, თეირანმა პაკისტანში გამართული მოლაპარაკებების პირობები დაარღვია და ვაშინგტონმა ეს საპასუხო ზომა სწორედ ამ მიზეზით გამოიყენა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ლიბანია. ისრაელის თავდაცვის ძალები ქვეყნის სამხრეთით რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს. გრძელდება სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×