
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაანადგურებენ ირანის გემებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გადაკვეთას შეეცდებიან.
„ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, სრულიად განადგურებული - 158 გემი. ის, რასაც არ დავარტყით მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. „სწრაფი შეტევის გემებია", რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ მივიჩნიეთ. გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნავებზე ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკი პროცესია. P.S. აშშ-ში ოკეანის ან ზღვით შემოსული ნარკოტიკების 98.2% შეჩერებულია!"- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბლოკადა ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით არაბეთის ზღვაში ამოქმედდა. ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ გემები გააფრთხილა, რომ ბლოკადა დროშის მიუხედავად ყველა ხომალდზე გავრცელდება.
"ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე ბლოკადის ზონაში შევა ან გამოვა, ჩაჭრას, გადამისამართებას ან დაკავებას ექვემდებარება", - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.