რეზონანსი
13.04.2026

გუშინ უნგრელმა ხალხმა ისტორია დაწერა, - ამის შესახებ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პიტერ მადიარის განცხადებით, 199 ადგილიან პარლამენტში მისი პარტია 138 მანდატს მიიღებს, თუმცა ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

„მსგავსი მანდატი აქამდე არავის უნახავს. ამ რაოდენობით ხალხს ერთი და იგივე პარტიისთვის ხმა არასდროს მიუცია“, - განაცხადა პიტერ მადიარმა.

მისი თქმით, წინა მთავრობის „ტყუილების“ და „გებელსისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი პროპაგანდის“ მიუხედავად, ქვეყნის ახალი მთავრობა ევროპაში მშვიდობის ერთგული იქნება.

„უნგრეთში ომი არავის სურს. უნგრეთი მხარს მშვიდობას უჭერს. „ტისას“ მთავრობა მშვიდობის მთავრობა იქნება“, - აღნიშნა პიტერ მადიარმა.

მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს მოუწოდა, ახალი პარლამენტი რაც შეიძლება მალე მოიწვიოს.

„პრეზიდენტმა, რომელიც მარიონეტია, ახალი პარლამენტის არჩევნებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში უნდა მოიწვიოს. 12 მაისამდე არ უნდა დაიცადოს. შეუძლია ეს 5 მაისს გააკეთოს. ასევე, მოვუწოდებ მას, რომ როგორც ყველაზე ძლიერი პარტიის ლიდერი ახალი კაბინეტის ფორმირებისთვის მიმიწვიოს. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს“, - განაცხადა მადიარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×