
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები ისლამაბადში დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, მოლაპარაკებები პირდაპირ მიმდინარეობს თუ შუამავლების მეშვეობით. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თუ პირდაპირი მოლაპარაკებები დადასტურდება, ეს იქნება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე მაღალი დონის პირისპირ მოლაპარაკებები 1979 წელს ისლამური რესპუბლიკის დაარსების შემდეგ.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მომლაპარაკებლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც. პაკისტანის მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა ვაშინგტონის დელეგაციასთანაც.
პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ შტატები გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა.