
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში
მიმართვას ავრცელებს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებას ეხმაურება და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის.
"სასჯელის გამოცხადებისას ვიგრძენი, რომ კანონი არ ითვლის მხოლოდ წლებს!
ახალგაზრდა მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა, ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდა ექიმის/მასწავლებლის ღირსება!
მადლობა მას, გიგა ავალიანის დედისგან!
პროკურორების და გამომძიებლების გუნდმა დაადასტურა,
რომ სამართლიანობა რეალურია!
რომ სიმართლეს აქვს ძალა!
ვაჟკაცურად ამომიდგნენ გვერდით და სასამართლოს მართალი სიტყვა სწორად და სრულად მიაწოდეს!
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
არ დაიღალა საზოგადოება, თავისი უშიშარი და მტკიცე ხასიათით ხმამაღლა თქვა,
რომ ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას უმაღლესი მნიშვნელობა აქვს და რომ გიგა ავალიანი ღირსეული ახალგაზრდა იყო!
მადლობა მას, გიგა ავალიანის დედისგან!
მაქსიმალურად ვცდილობდი, განაჩენის გამოცხადებამდე არ წამომცდენოდა, გიგას მოსწავლეების და მშობლების საოცარი თანადგომა.
სასამართლო პროცესზე ღირსეულად წარსდგნენ გიგას მოსწავლეები:
მარიამ ნატროშვილი,
კესარია თხელიძე,
საბა ვალიშვილი.
(ნია იმნაძის ჯგუფის ბავშვები!)
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
გიგას უამრავმა მოსწავლემ და მშობელმა, გიგას მეგობრებმა, საჯაროდ (ვიდეოებით, პოსტებით, კომენტარებით) ისაუბრეს გიგას პიროვნებაზე, მის კეთილსინდისიერებაზე, პატიოსნებაზე.
,,ჩემი ცენტრი"-ს ქართულის მასწავლებელმა, ქალბატონმა მანანა კიკნაძემ, რომელსაც სხეული უკანკალებდა მკვლელების შორიახლოს დგომით, სასამართლო პროცესზე გულახდილად ისაუბრა გიგას პიროვნებაზე.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
ვიცი, რომ მკვლელების მშობლები გავიდნენ თემქელ ბიჭებზე, მაგრამ ვერც შეაშინეს, ვერც მოისყიდეს.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
ჟურნალისტების მიკროფონები და კამერები იყო ყველგან და ყოველთვის, როცა მჭირდებოდა. ყველა ტელევიზია და სოციალური გვერდი, მუდმივად მიმაგრებდა ზურგს.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
მე მყავს ჭკვიანი და ერთგული ადვოკატები: თამარ ავალიანი, დარეჯან სულაშვილი და ზაზა ხატიაშვილი.
მადლობა მათ, გიგა ავალიანის დედისგან!
მე მივხვდი, რომ სრულიად საქართველოს ესმის ჩემი ტკივილი!
მადლობა საქართველოს, გიგა ავალიანის დედისგან!
ვნახე ხალხის აღშფოთება - ეცოტავათ წლები.
ასეთი დამოკიდებულება მალამოდ მედება გულზე.
წლები მართლაც ცოტაა, მაგრამ შესაბამის ბრალში არის მაქსიმალური.
მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ; ეს ჩემი სახელმწიფოს კანონმდებლობაა და ვემორჩილები მას, თუმცა
აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ეს მუხლი უფრო დაიხვეწოს და სახდელიც იყოს უფრო დიდი.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება შევალიე არასრულწლოვნებს, დარჩენილი ცხოვრება არ ვიცი როგორი ან რამდენ ხანს მექნება, მაგრამ აუცილებლად მოვახერხებ არასრულწლოვნების მიმართ კანონის სერიოზულად გამკაცრებას.
ვაგრძელებ უკომპრომისო ბრძოლას!
ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე ნია იმნაძით და გიორგი მალანიათი დაწყებული, არ დაჯდება საბრალდებო სკამზე!" - დაწერა ეკა კუპატაძემ.