
ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, გზები, წყალმომარაგების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები, საგანმანათლებლო, ტურისტული და სპორტული მიმართულებები - ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის ბიუჯეტი 107 პროცენტით შეასრულა. გადაჭარბებულმა ხარჯებმა 30 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ უწყებას წლის მეორე და მესამე კვარტალშიც ამბიციური გეგმები აქვს.
მიმდინარე წლის 3 თვის გეგმას გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 85 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. სამუშაოების უმრავლესობა გზების რეაბილიტაციას, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასა და ნაპირდაცვით პროექტებს მოიცავს. გეგმის მიხედვით სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება ჩქაროსნული გზის ოთხ მონაკვეთზე. საუბარია სამტრედია-გრიგოლეთის, ქობულეთის, საგარეჯო-ბადიაურის და გუდაურის მიმართულებებზე.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც. მიმდინარე პროექტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ გაუმჯობესებული წყალმომარაგების სისტემით 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს, 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაჭარბებით შესრულებულ გეგმაზე, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
დღესვე პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბიზნესის წინაშე არსებული საჭიროებები და ის ნაბიჯები იყო, რომელთა გადადგმასაც სახელმწიფო ქართული კომპანიების მხარდასაჭერად გეგმავს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.