რეზონანსი
09.04.2026

შეუძლებელია, რომ ვინმემ ჩათვალოს ეს ადამიანი გულწრფელად, როდესაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიდის და ამ დროს მხარს უჭერს და ახალისებს რადიკალებს, ექსტრემიზმს, რაც კატეგორიულად მიუღებელია და სრულად სცილდება ელჩის ფუნქცია-მოვალეობებს, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ დღეს 9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩის მისვლაზე საუბრისას. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შესახებ ძველი ინფორმაციის განთავსებაზეც გააკეთა.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ხომ უწოდებს საკუთარ თავს პრეზიდენტს? როგორც ჩანს, ქართველი ხალხის არჩევანსა და გადაწყვეტილებას არც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობა სცემს პატივს. მაშინ, როდესაც ისინი სირიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს მომენტალურად ასახავენ ხოლმე, იმ ქვეყნის წარმომადგენლებს ეპატიჟებიან და ხვდებიან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. რა თქმა უნდა, არც არის გასაკვირი, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებდნენ“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

რატომ არ აახლებენ ინფორმაციას საქართველოს შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე - ამ კითხვით „ქრონიკამ“ საქართველოში გერმანიის საელჩოს წერილობით, ოფიციალურად მიმართა და პასუხს ამ დრომდე ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×