
ანაკლიის პორტის სამშენებლო პროცესი შემცირებული ხარჯებით და აქტიურად განახლდება. მთავრობამ რამდენიმე თვის განმავლობაში არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია განახორციელა და შესაძლებელი გახდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯის 25%-ით შემცირება. სამუშაოს პირვანდელი ღირებულება 203,9 მილიონი დოლარი იყო. ზედამხედველ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გადახედვის შედეგად კი პროექტის ღირებულება 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა.
ხარჯების ოპტიმიზაციისთვის საჭირო სამუშაოები შესაბამის უწყებებთან ერთად ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა. ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხარჯების დაზოგვა სწორედ პროექტის განხორციელებისთვისაა წინგადადგმული ნაბიჯი.
ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტური განხორციელება ხელისუფლების პრიორიტეტებს შორისაა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი პასუხისმგებლობით და მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდეს.
ვაშინგტონის და პარიზის არბიტრაჟებში წაგებული საქმეების მიუხედავად "ლელოში" ისევ ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ სახელმწიფოს პორტის მშენებლობა არ სურს. "ლელოში" ამ სტრატეგიულ პროექტს დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი მიუძღვნეს, თუმცა ხაზარაძის და ჯაფარიძის შეუსრულებელ ვალდებულებებზე არ უსაუბრიათ. ვაშინგტონის არბიტრაჟმა "ლელოს" ლიდერებს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ ექვს ნახევარი მილიონი დოლარის, პარიზის არბიტრაჟმა კი 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
"ლელოს" განცხადება პოლიტიკური მანიპულაციაა "ქართული ოცნებისთვის". სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ანაკლიის პროექტის ჩავარდნაში დამნაშავეები სწორედ "ლელოს" ლიდერები არიან.
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულება და პირველი გემის მიღება 2029 წლისთვის იგეგმება, პროექტი სახელმწიფოს 51 ინვესტორის კი 49%-იანი თანამონაწილეობით აშენდება.