
"ბიზნესის მხარდაჭერის ყველა პროგრამა, რომელსაც დღემდე სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე და მის ოპერირებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის საბიუჯეტო რესურსი, რომელიც წლიდან წლამდე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე იხარჯებოდა, უზრუნველყოფილი იქნება.
"ბოლო წლებში სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ახორციელებდა ისეთ პროგრამებსაც, რომლებიც, ერთი მხრივ, იყო თვითმყოფადი და მეორე მხრივ კი, აგენერირებდა გარკვეულ შემოსავალს თვითონ სააგენტოსთვის. ვსაუბრობთ დაახლოებით 300-დან 400 მილიონ ლარამდე რესურსზე, რომელიც გააჩნია სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კი ამ რესურსების მიმართვას განახორციელებს ახალ მიმართულებებზე", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" შექმნა სრულყოფილი ეკოსისტემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელმაც მოიცვა ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპი - მიკრომეწარმეობიდან კორპორაციული ბონდების გამოშვებამდე და ასევე აერთიანებს ფინანსურ მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებასა და ექსპორტის ხელშეწყობას.
"ამ ყველაფერმა თავი მოიყარა სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და ძალიან სერიოზული პროგნოზები. მათ მიღწევას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო ეფექტური მიზნობრივი ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან", - ამბობს მინისტრის მოადგილე.