
ყველამ კარგად იცის, რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ამის დანახვა არ უნდა და თვალებზე ხელებს იფარებენ - ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ზელენსკი აწარმოებს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პირადად ზელენსკის და ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან ხდება „გაუგონარი თავდასხმა“ იმ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინას შორის არსებობს.
„ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საერთოდ ყოველგვარი მორალური სტანდარტიდან არის ამოვარდნილი. ქართველმა ხალხმა პირადად ამ ადამიანისგან, ზურაბ ადეიშვილისგან წლების განმავლობაში განიცადა უამრავი ტანჯვა, მიიღო ზღვა ცინიზმი და ცინიკური დანაშაულები. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მისგან და სააკაშვილისგან იყო შექმნილი სადისტური წამების რეჟიმი, მისგან და სააკაშვილისგან იყო შექმნილი მოცემულობა, როდესაც ადამიანის უფლებები საერთოდ არაფერს ნიშნავდა ჩვენს ქვეყანაში, ქუჩებში ახალგაზრდებს ხოცავდნენ, ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, ბიზნესს და მესაკუთრეებს ართმევდნენ ქონებას. ამ ადამიანს, ასე ცინიკურად, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ ყოველგვარი პატივისცემის გამოხატვის გარეშე, ჯერ იყო და დაატარებდნენ ბრიუსელის, თუ ევროპის სხვა დედაქალაქების ადმინისტრაციულ შენობებში და ახლა ის უკრაინის კონკრეტული თანამდებობის პირი გახდა, ინტერპოლის შეფად დაინიშნა, თუ არ ვცდები. ცინიკურ-სასაცილო არ არის?! ადამიანი, რომლის მიმართაც უნდა იყოს ისეთივე მიდგომა - სამართლიანი, როგორიც საქართველოშია, უნდა იყოს მთელ მსოფლიოში. არ შეიძლება არსებობდეს ცხრაგვარი სტანდარტი და 16 სიმართლე. არსებობს ერთი სიმართლე და ეს იცის აბსოლუტურად ყველამ, ვინც ოდნავ მაინც არის დაინტერესებული, თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003-2012 წლებში, მაგრამ თვალებზე ხელებს იფარებენ, არ უნდა ამ ყველაფრის დანახვა უკრაინის ხელისუფლებას. რატომ?! იმიტომ რომ ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ზელენსკი აწარმოებს. სააკაშვილი გუბერნატორად ჰყავდათ დანიშნული, დღეს დამნაშავე პირი, მწამებელი და სადისტურ დანაშაულებში მხილებული პირი არის ინტერპოლის შეფად დანიშნული. [უკრაინის] ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და დღესაც აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად. ის, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ხალხია უკრაინელები. დააკვირდით, რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ხელისუფლება - უკრაინელ ლტოლვილებს შესაბამისი დახმარებები და ბენეფიტები უგრძელდებათ (ამას არავის ვაყვედრი, უბრალოდ მოცემულობაა), მიუხედავად იმისა, რომ პირადად ზელენსკის მხრიდან და ზელენსკის ხელისუფლების მხრიდან ხდება გაუგონარი თავდასხმა იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.