
როგორ შეიძლება, ადეიშვილზე ვსაუბრობდეთ და მას რაიმე თანამდებობა ჰქონდეს, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო?! - ეს ადამიანები ცდილობენ, ამ ქვეყანას თავი არ დაანებონ და შანსს არ უშვებენ, რომ ქართული საზოგადოება არ დააკნინონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორს და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ „ეს პატარა ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ძალადობრივი ქმედებები გააგრძელონ“.
„ეს სამარცხვინო სუბიექტი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფას აგრძელებს. ზურაბ ადეიშვილმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ საქართველო არ აინტერესებს და მისი ქვეყანა არ არის. მისი ეს სამარცხვინო განცხადება გვახსოვს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და იმ ადამიანებს პირდაპირ ეთერში მოვუსმინეთ, რომელთაც ის კოშმარი საზოგადოებას დაანახეს, რომელიც სააკაშვილმა, ადეიშვილმა და მათმა კოჰორტამ ქვეყანას თავს დაატეხეს. ეს ყველაფერი დანაშაული იყო. ადამიანებს მოვუსმინეთ, ვისაც მოუკლეს ოჯახის წევრი, შვილი. ადამიანებს ბიზნესი წაართვეს. იმის ნაცვლად, რომ შვილმკვდარი მშობლისთვის ბოდიში მოეხადათ, ან სინანული გამოეთქვათ, ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია და აშარჟებდნენ. როგორ შეიძლება, ადეიშვილზე ვსაუბრობდეთ და მას რაიმე თანამდებობა ჰქონდეს, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო?! ეს ადამიანები ცდილობენ, რომ ამ ქვეყანას თავი არ დაანებონ და შანსს არ უშვებენ, რომ ქართული საზოგადოება არ დააკნინონ. სააკაშვილის პირიდან მორიგი გახსენება შემოთვალეს, რომ არსად წასულან და ქართველო ხალხო, დაგველოდეთ და ისევ უბედურებას დაგატეხავთო. მინდა, მათ შევუთვალო, ამ ვაჟბატონის სიტყვებით, ნურას უკაცრავად, არ დავუშვებთ, რომ ეს პატარა ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ძალადობრივი ქმედებები გააგრძელონ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებგვერდზეა ასახული. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტი წარმოადგენს უკრაინას ინტერპოლში და ასევე უზრუნველყოფს მისი ვალდებულებების შესრულებას. ინფორმაციისთვის, მანამდე ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.