
გერმანული მხარისთვის ცნობილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, თუ სხვა ქვეყნების მონაცემებია განახლებული და ამ განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
თენგიზ შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, გერმანიის საგარეო უწყების მონაცემები საქართველოსთან დაკავშირებით არ ახლდება, სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, თუმცა მონაცემები შეცვლილია სირიის შემთხვევაში. კითხვის საპასუხოდ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ქართული სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობაა.
„ინფორმაციის არგანახლება თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური განცხადების შემდეგ ხაზგასმით გამოხატვაა იმის, რომ პატივს არ სცემენ. ეს თემა ძალიან სამწუხაროა, ეს მხოლოდ ელჩის პირად დამოკიდებულებას არ უკავშირდება. როდესაც სამინისტროც იმავე ნაბიჯებს დგამს, ეს ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. რეალობის არ ასახვა რა ბავშვური საქციელია მე არ მესმის. თუ უნდათ, რომ ხაზი გაუსვან ქართულ სახელმწიფოსთან მსგავს დამოკიდებულებას, მათი ნებაა. ჩვენ ამ უპატივცემულობას მივეჩვიეთ, მაგრამ ჩვენს სუვერენიტეტსა და ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ, მიუხედავად იმისა ვინმე ამას თავის ვებგვერდზე ასახავს თუ არა.
ქართული მხარის მხრიდან რეაგირება გაკეთდა. ნოტის გაგზავნაზე არანაკლებია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს. შესაბამისად, გერმანული მხარისთვის ცნობილი იყო თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია და ამ საკითხის შეხსენება. მართლაც, რომ ის ციკლი ყოფილიყო, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ახლდება და ამიტომ ვერ მოესწრო, გასაგები იქნებოდა, მაგრამ თუ სხვა ქვეყნების მონაცემებია განახლებული და განცხადების შემდეგაც კი არ ახლდება ქართული სახელმწიფოს მონაცემები, ეს წარმოუდგენელია. მაშინ როდესაც თუნდაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს პოზიციის საკითხზე მიმართა. ამის შემდეგ თუ კიდევ განახლება დაიგვიანებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. უფრო სწორად, ძალიან კარგადაც წარმოვიდგენდი, უბრალოდ სამწუხაროა“, - განაცხადა შარმანაშვილმა.