რეზონანსი
07.04.2026

ერთ რამეს გპირდებით: თუ დაფინანსების მიმართულებით მსუბუქდება ფორმულირება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტროლი შემსუბუქდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,  „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები კონტროლის შემსუბუქებას არ ნიშნავს.

„მექანიზმები საკმაოა, რათა გავაკონტროლოთ, რა თანხა შემოდის და რაში იხარჯება. ნებისმიერი გრანტი, რომელიც მოხმარდება ქვეყანაში ექსტრემიზმის განვითარებას, იქნება გამჭვირვალე, ჩვენ ამის შესახებ გვეცოდინება და შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს. ფაქტია, რომ აქამდე გამკაცრდა და ეს სიმკაცრე შენარჩუნებულია ამ კანონში. ცვლილებების მომზადება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ევროკომისარმა ამ საკითხის მიმართ თავისი დამოკიდებულების დეკლარირება მოახდინა. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის განცხადება. როდესაც ბრიუსელის ადმინისტრაცია გეუბნება, რომ მილიარდობით თანხა არის მობილიზებული, რათა შენს ქვეყანაში ჩუმად შემოიტანოს ისე, რომ ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ვერაფერი ვერ გაიგოს, რასაკვირველია, ითხოვს გარკვეულ გამკაცრებას, რათა არ მოხდეს საქართველოში შავი ფულის შემოსვლა. ეს თქვენც უნდა გაწყობდეთ, ჩვენც უნდა გვაწყობდეს, ყველას უნდა აწყობდეს.

ვთქვი, რომ ეს პირველი ნაწილი გამკაცრება იყო, მაგრამ არის გარკვეული თემები, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება. ერთ რამეს გპირდებით: თუ ამ მიმართულებით მსუბუქდება ფორმულირება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტროლი შემსუბუქდება. კონტროლი იქნება კვლავ საკმაოდ ინტენსიური და, რასაკვირველია, იმის თაობაზე, თუ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული რამის დაფინანსებაზე და ეს დაფინანსება იქნება გამოყენებული ბოროტად თქვენი თუ სხვა საზოგადოებრივი რესურსების მეშვეობით, ჩვენ ამის თაობაზე გვეცოდინება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×