ნატალია ჯვარიძე
07.04.2026

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე საუბრისას ამბობს, რომ აშშ-მ „პოლიტიკური მანდილი" შემოაგდო და მთავარია რას იზამს „ქართული ოცნება". მისი აზრით, ამერიკული დეგელაციის ვიზიტი, რომელიც მომავალ კვირას არის ჩანიშნული, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამხრეთ კავკასიით დაინტერესებას უკავშირდება. ვარაუდობს, რომ ვაშინგტონი ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული.

„იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამერიკა გააქტიურდება და რაღაც სახის კავშირი შეიქმნება, სადაც ევროპაც მოიზარება. სხვანაირად საქართველო ვერ განვითარდება. უნდა აღვნიშნო, რომ ილჰამ ალიევის ჩამოსვლა ძირითადად ამ საქმესთან არის დაკავშირებული. ყალიბდება აშშ-სამხრეთ კავკასიის კავშირი, რუსეთის გარეშე," - უთხრა მან „რეზონანსს".

„ამერიკის ხელისუფლების ცნობილი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში, რაც ტრამპის გარეშე არ მომხდარა. მისი დამოკიდებულება კი იცით - დადებითია, ოღონდ საქართველოს მიმართ. ჩვენ არ ვიცით, რა პოზიცია აქვს არსებული ხელისუფლების მიმართ. თუმცა თვითონ ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილია, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან შეინიშნება. პირველი ურთიერთობა შევარდნაძის პერიოდიდან იწყება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" დროს განმტკიცდა. იმ პერიოდში ტრამპი პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ თავისი პოზიცია ჰქონდა, აქაც კი იყო ჩამოსული. სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოში ტრამპის იდეები პოპულარული იმდენად არ იყო."

იგორ კვესელავა იხსენებს, რომ როცა ტრამპი პირველად პრზიდენტობის კანდიდატი გახდა, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონია. „მე ვიყავი, მგონი, ერთადერთი, რომელმაც პირველი პრეზიდენტობის დროს მილოცვა გავუგზავნე და პასუხიც მივიღე. აქედან დაიწყო ჩვენი მიმოწერა ქართული საელჩოს მეშვეობით." მერე მიმოწერა შეწყდა, როცა 2020-24 წლებში ტრამპი პრეზიდენტი აღარ იყო, თუმცა ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ მიმოწერა აღდგა. ის ახლა წიგნს წერს საპროექტო სათაურით „პრეზიდენტი ტრამპი", რომელიც მალე გამოვა.

„ამ ხელისუფლებასთან ამერიკასთან ურთიერთობები გაურკვეველია. არ შეიძლება ასეთ დიდ ქვეყანასთან მკაცრი რეაგირება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ. გარკვეული დუმილის შემდეგ, რაც ჩვენი ხელისუფლების კურსთან და მისი წარმომადგენლების გამოსვლებთან არის დაკავშირებული, ურთიერთობები შეწყდა."

კვესელავა დარწმუნებულია, რომ ტრამპის ინტერესი ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონით საკმაოდ დიდია და მან ის შეძლო, რაც სხვებმა ვერ გააკეთეს - ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების მოწესრიგება.

„ეს აქამდე წარმოუდგენელი იყო, მეც კი შეუძლებელი მეგონა. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთერთობების მოწესრიგება ამერიკასთან არის დაკავშირებული. ეს მის გეგმაში შედიოდა, რომ ურთიერთობების მოგვარების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გზა გაეხსნათ. ამერიკა ჩვენი რეგიონით ძალიან დაინტერესდა და სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. ასე რომ, ამ სიტუაციაში აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაგვისწრეს - აზერბაიჯანს ურთიერთობა აქვს თურქეთთან. თურქეთი კი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სომხეთთან კი იმიტომ, რომ მას დიდი დიასპორა ჰყავს."

  • იგორ კვესელავა: „იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამერიკა გააქტიურდება და რაღაც სახის კავშირი შეიქმნება, სადაც ევროპაც მოიზარება. სხვანაირად საქართველო ვერ განვითარდება. ყალიბდება აშშ-სამხრეთ კავკასიის კავშირი, რუსეთის გარეშე"

რაც შეეხება საქართველოს, კვესელავა ფიქრობს, რომ ამ კუთხით ამერიკის ინტერესი ძირითადად ზღვას უკავშირდება.

„მოსალოდნელი იყო, რომ აშშ-ის ხელისუფლება საქართველოთი დაინტერესდებოდა და სწორედ ამიტომაც ჩამოვიდნენ მათი წარმოამდგენლები. ჩვენ გვაქვს ზღვა, რითიც გვიცნობენ. ეს ჩვენი პლუსია, მეტი არაფერი. ინფორმაცია მაქვს, ახლა ლაპარაკი მიდის, რომ გამორიცხული არ არის, ამერიკამ ანაკლიაში ქალაქი გააშენოს. როცა სააკაშვილი აპირებდა ანაკლიაში პორტი გაეკეთებინა, რუსეთმა ხელი შეუშალა, თან ამერიკასაც არ აინტერესებდა. ამიტომ დიდი ალბათობით, აშშ-ის წარმოამდგენლები ამ მიზნით ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, პორტი მისი ხარჯებით გაშენდება. რასაკვირველია, ამას წინააღმდოგობას რუსეთი გაუწევს, რადგან ეს შავი ზღის ათვისებას ნიშნავს.

„თუმცა ამ ყველაფერს ხელს საქართველოში არსებული ვითარება უშლის ხელს. იქ კი გადაწყვიტეს ეს, მაგრამ ესმით, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაძაბული ურთიერთობა უნდა დასრულდეს. თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, არავითარი პორტის მშენებლობას არ დაიწყებენ. ასე რომ, ყველაფერი „ქართული ოცნების" პოლიტიკაზეა დამოკიდებული. პოლიტიკური მანდილი შეერთებულმა შტატებმა შემოაგდო და თქვა, რომ მას უნდა ზღვა და საქართველოსთან ურთიერთობა. ეს ჩხუბით არ გამოვა. მე ქართველ პოლიტიკოსებს ვთხოვ, რომ ყველა სიტყვას დაუკვირდნენ.

„მინდა ბიძინა ივანიშვილის საკითხი წამოვწიო და ვთქვა, მხოლოდ მას ესმის საქართველოში არსებული ეს ვითარება. მე არ მახსოვს, მას რამე ცუდი ეთქვა ამერიკასა და სხვა ქვეყნებზე. მას უნდა მიბაძონ. ასე რომ, ბურთი ივანიშვილის მოედანზეა და საკითხავია, მოწინააღმდეგის კარში გავა, თუ საკუთარში. ორივე შემთხვევა უარესია, ამიტომ გამოსავალია ფრედ დასრულდეს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამერიკა გააქტიურდება და რაღაც სახის კავშირი შეიქმნება, სადაც ევროპაც მოიზარება. სხვანაირად საქართველო ვერ განვითარდება. უნდა აღვნიშნო, რომ ილჰამ ალიევის ჩამოსვლა ძირითადად ამ საქმესთან არის დაკავშირებული. ყალიბდება აშშ-სამხრეთ კავკასიის კავშირი, რუსეთის გარეშე," - აცხადებს იგორ კვესელავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×