
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას ცენტრში გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის ირაკლი ქარსივაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს "მერსედესის" მარკის ავტომობილი მაშინ შეეჯახა, როცა ის სოფლის გზაზე გადადიოდა.
ახალგაზრდამ მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ბათუმის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
მანქანის მძღოლს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია. როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ამბობს, მანქანას ამავე სოფელში მცხოვრები 18 წლის ბიჭი მართავდა და ის სამართალდამცავებმა იქვე დააკავეს. ტრაგედიის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ვითარება შეისწავლეს და ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
" ეს დიდი ტრაგედია გუშინ მოხდა ჩვენს სოფელში, ხალას ცენტრში, დაახლოებით, საღამოს ცხრის ნახევარზე. გარდაცვლილი ძალიან კარგი ახალგაზრდა, 34 წლის ირაკლი ქარსივაძეა.
ირაკლი გზაზე გადადიოდა, როცა მას ავტომობილი დაეჯახა. ვინც დაეჯახა, ისიც ჩვენი სოფლელია, 18 წლის ბიჭი, გვარად ბარამიძე. ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, ადგილიდან არსად წასულა, პოლიციას დაელოდა და იქვე დააკავეს. არ ვიცი, რამ გამოიწვია ავარია..
ირაკლი მეზღვაური იყო, 10 დღის წინ ჩამოვიდა. ძალიან განვიცდით ამ ამბავს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ დიდ ტკივილს... ვინც დაეჯახა, ეს ბიჭიც ძალიან პატიოსანი და კარგი ადამიანია.
ირაკლი ბათუმის საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა ვერ გადაარჩინეს" - განუცხადა "კვირის პალიტრას" მერის წარმომადგენელმა სოფელ ხალაში - ნოდარ კახიძემ.
წყარო: კვირის პალიტრა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე