"მძიმე სეზონი გველის, ჯერჯერობით სასიკეთო პირი არაფერს უჩანს"
ქეთო გოგოხია
06.04.2026

ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა მდგომარეობამ და ნავთობპროდუქტებზე გაძვირებამ მომსახურების და წარმოების  სფეროზე უარყოფითი გავლენა უკვე მოახდინა. პირველ რიგში, ეს შეეხო სატრანსპორტო სერვისს, საქალაქთაშორისო რეისები ძვირდება, ტაქსის მომსახურების ფასიც იცვლება, ხოლო დიზელის გაძვირება საგაზაფხულო სამუშაოებზე მოახდენს გავლენას და შეიძლება შემაფერხებელ ფაქტორადაც იქცეს. სერიოზულ წნეხია ელექტროენერგიის ტარიფის მატებაც, რამაც ყველა დარგში ცუდი მოლოდინი შექმნა.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ საქართველოში ნავთობპროდუქტები 80 თეთრამდე გაძვირდა. ამის ფონზე საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფები იცვლება. ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მგზავრობის საფასურმა 5 ლარით უკვე გაიზარდა და 30 ლარი შეადგინა. უახლოეს პერიოდში ფასი შეიცვლება ზუგდიდისა და ბათუმის მიმართულებითაც.

"ომნიბუსის" ხელმძღვანელის ირაკლი კაბულაშვილის ინფორმაციით, ერთი რეისის შემთხვევაში ხარჯმა დაახლოებით 150 ლარამდე მოიმატა.

„საწვავის გაძვირება იყო ბოლო წვეთი, რის გამოც მოგვიწია ტარიფის გაზრდა ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით. ერთი რეისი დაახლოებით 150 ლარით გაგვიძვირდა. ეს საშუალოდ თითო ბილეთზე დაახლოებით არის 4-5 ლარამდე ფასნამატი, რაც ავტომატურად ცვლის საოპერაციო ხარჯებს“, - განაცხადა  კაბულაშვილმა.

ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით მოიმატა მგზავრობის ღირებულებამ "ჯორჯიან ბასის" შემთხვევაშიც. მთავარი მიზეზი ამ შემთხვევაშიც საწვავზე ფასის რადიკალური ზრდა და სხვა საოპერაციო ხარჯების მატებაა.

„ტარიფის ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია საწვავთან. საკმაოდ მოკლე დროში შეიცვალა ვითარება. მოლოდინია, რომ კიდევ გაგრძელდება გაძვირება და ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადაგვედგა იმისთვის, რომ გაზრდილი ხარჯი დაგვებალანსებინა. ამიტომ ყველაზე მინიმალურად - 5 ლარით გავზარდეთ ბილეთის ღირებულება. 

ამას ემატება ზოგადად ტარიფების ზრდა ყველაფერზე. ახალი რეგულაციით, უშუალოდ სადგურებიდან გვიწევს გასვლა. იქ გვქონდა გარკვეული ხარჯი, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რათა უფრო კომფორტული გარემო შეგვექმნა მომხმარებლისთვის. ეს ყველა ხარჯიც, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, თუმცა ყველაზე დიდი წილი ფასის ზრდაში მაინც მოდის საწვავზე”, - აღნიშნა  შალვა ხუციშვილმა,  "ჯორჯიან ბასის" დირექტორმა.

ავტოსადგურ "დიდუბეში" ფასს ჯერჯერობით ინარჩუნებენ და ვერ აკონკრეტებენ მოუწევთ თუ არა ცვლილება. ავტოსადგურის დირექტორის ნესტორ მიქატაძის თქმით,  მძღოლების ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ჯერჯერობით მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება.

,,საწვავის ფასის გამო გაურკვეველ ვითარებაში ვართ. ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, მაგრამ მძღოლები გვეუბნებიან, რომ თუ საწვავის გაძვირება გაგრძელდა, დღევანდელი ტარიფებით მგზავრთა გადაყვანის შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, მგზავრობა შესაძლოა, ყველა მიმართულებით გაძვირდეს. გვიჭირს, მაგრამ ჯერჯერობით ვაჩერებთ მძღოლებთ, ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყდება. 

როგორც წესი, ფასს აწესებენ გადამზიდავები, ავტომობილების მეპატრონეები და კერძო პირები. თუ იქნებს მათი მოთხოვნა ჩვენთან შეთანხმებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, წინასწარ რთულია თქმა. ვაკვირდებით მოვლენებს, საწვავის გაძვირების ტენდენცია თუ გაგრძელდება, ალბათ, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ნესტორ მიქატაძემ.

რაც შეეხება ტაქსებს, ფასი, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიცვლება, რადგან არსებულ სიტუაციაში მძღოლებისთვის დიდი პრობლემაა ამჟამინდელი ტარიფებით მოემსახურონ მგზავრებს. კონკრეტულად რამდენით გაძვირდებატაქსების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ აგლაძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,ყველაფერი ძვირდება და აქაც მოიმატებს ფასი, სხვა გზა არ გვაქვს. მართალია,  ტაქსების ნაწილი თხევად გაზზე მუშაობს, რომელიც ჯერჯერობით გაძვირებული არ არის, მაგრამ თუ მასიურად გაიზარდა ფასი, ჩვენთან დაკავშირებითაც ცვლილება გარდაუვალი გახდება. ამას უნდა შევეგუოთ. 

ხანგრძლივ ვადაში თუ გაგრძელდა პრობლემა, ალბათ სახელმწიფოს ჩარევა იქნება საჭირო, თვითონაც უნდა მიაქციონ ყურადღება. უამრავი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, რაც დიდ რესურსს მოითხოვს. ეს ომიც, გვინდა თუ არა, ჩვენზე იმოქმედებს. საწვავთან დაკავშირებით დეფიციტი არ იქნება მაგრამ ფასი მოიმატებს. ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულია, მეტროც მოწესრიგებულია და თუ ადამიანს საშუალება აქვს, ტაქსით მაინც ივლის. მთავარია, კიდევ არ გართულდეს მდგომარეობა და ამას მოვერევით“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ზურაბ აგლაძემ. 

საწვავის გაძვირებამ რთული პირობები შექმნა აგრარულ სექტორშიც. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საგაზაფხულო სამუშაოების დროული ჩატარება გართულდება, ხოლო თვითღირებულების გაზრდის გამო, აგრარული პროდუქცია წელს გაძვირდება. ამ საკითხებზე დარგის ექსპერტმა პროფესორმა ანზორ მესხიშვილმა ისაუბრა.

,,რთული სიტუაციაა ყველა მიმართულებით, არც სოფლის მეურნეობაა გამონაკლისი. მით უმეტეს, დიზელი მკვეთრად გაძვირებულია. განსაკუთრებით რძის პროდუქტები, ხორცეული და ბოსტნეული გაძვირდება. საწვავი ხვნა-თესვის სამუშაოებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასე თუ გაგრძელდება, აგრარული პროდუქცია გაძვირდება. მაგალითისთვის, ფერმერს ვაშლის მოყვანა თუ უჯდებოდა 1-2 ლარი, 3 ლარი დაუჯდება და 4 ლარად გაყიდის. ასეა სხვა პროდუქტების შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველა სურსათის  თვითღირებულება მოიმატებს. 

თავის მხრივ დენის ტარიფის ფაქტორიც იმოქმედებს, ყველაფერი წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აისახება. 

მძიმე სეზონი გველის,  ვფიქრობ, ეს პრობლემა ხალხს სოფლისკენ დააბრუნებს, როგორც პანდემიისას მოხდა. მოსავლიანობა შეიძლება შევინარჩუნოთ იმ შემთხვევაში, თუკი ხალხი სოფლებს დაუბრუნდება და იშრომებს. სხვა მხრივ პრობლემები მოსალოდნელია“, - აღნიშნა,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ანზორ მესხიშვილმა.

1 ტონა დიზელზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებამდე 700 დოლარი ღირდა, ახლა ფასი გაორმაგებულია, რაც ბუნებრივია ფერმერებისთვის დამატებითი ხარჯია. ფასი გაიზარდა სასუქებზეც, რაც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის რატი კოჭლამაზიშვილის თქმით, იმას ნიშნავს, რომ წელს პროდუქციის მოყვანა გაცილებით ძვირი დაჯდება.

"მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულია, ხვნა-თესვის პერიოდია. ეს კი მოითხოვს ბევრ დიზელს, რომელიც ბოლო პერიოდში ძვირდება. საწვავი კი საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითღირებულების ფორმირებაში. ახლა ძალიან მაღალია ფასი და სამწუხაროდ, არც რამე სასიკეთო ჩანს უახლოეს მომავალში. ეს ნიშნავს, რომ გაძვირდება პროდუქციის თვითღირებულება.

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია სასუქები. არაბული ქვეყნები არის ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელი სასუქების მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ფასი გაზრდილია საერთაშორისო ბაზრებზე. ეს საქართველოში, რა თქმა უნდა, მყისიერად არ აისახება, მაგრამ პარტნიორებთან რომ გვაქვს საუბარი, უკვე სხვა ფასი აქვს კონტრაქტებს. აქ არის როგორც ტრანსპორტირებაც, რომელიც გაძვირდა იქიდან გამომდინარე, რომ საწვავის ფასი ყველანაირ ტრანსპორტს აძვირებს, ხოლო როდესაც შეფერხდა ტრანსპორტირება, დაზღვევის კომპონენტი გაიზარდა.

მოკლედ, სასიკეთო არაფერი ჩანს და ეს ნიშნავს, რომ უფრო ძვირი დაუჯდება ფერმერს პროდუქციის მოყვანა, შესაბამისად, ყველაფერი სამომხმარებლო ფასს დააწვება", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×