
საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს. დეკანოზი იოანე გორელიშვილი ამბობს, რომ ყველა მღვდელმთავარი ღირსეულია, მაგრამ არსებობს ასევე ღვთის რჩეული კანდიდატიც, რომელიც წმინდა სინოდმა უნდა აირჩიოს.
"უნდა გვახსოვდეს პირველ რიგში, მისი უწმინდესობის კურთხევები, მისი უწმინდესობის შეგონებები, რომელსაც ჩვენი დიდი პატრიარქი ილია მეორე გვაძლევდა სულიერ შვილებს. დარწმუნებული ვარ, ის ამ პერიოდში ჩვენ ყველას მოგვიწოდებდა, რომ განსაკუთრებულად ვილოცოთ იმისათვის, რომ მოხდეს სინერგია, ღვთის ნებისა და ადამიანის ნებისა და წმინდა სინოდმა აირჩიოს ღვთისთვის სათნო, ღვთისთვის გამორჩეული პიროვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, რადგანაც, ყველა მღვდელმთავარი ღირსეულია, მაგრამ არსებობს ასევე ღვთის რჩეული კანდიდატიც, რომელიც წმინდა სინოდმა უნდა აირჩიოს.
მართვა-გამგეობის დებულებით, ვიცით, რომ უნდა მოიწვიონ წმინდა სინოდის კრება, რომელიც უდნა მოიწვიოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ. ეს უნდა მოხდეს 40-დან არაუმეტეს გარდაცვალებიდან 2 თვისა. ანუ 26 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით უნდა მოხდეს გაფართოებული კრების მოწვევა და წმინდა სინოდის მოწვევაც. წმინდა სინოდზე გამოირჩევა სამი კანდიდატი, უკვე გაფართოებულ კრებაზე ამ სამი კანდიდატიდან მოხდება სწორედ საქართველოს პატრიარქის არჩევა.
გაფართოებული კრება ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დაესწრება, მათ შორის იქნებიან როგორც სასულიერო პირები, ასევე საერო ადამიანები და რასაკვირველია, მღვდელმთავრები, რომლებმაც უნდა გააკეთონ არჩევანი, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობას სწორედ მღვდელმთავრები იღებენ.
შექმნილია კომისიები, ეს არის ხმის დამთვლელი კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს მეუფე თეოდორე ჭუაძე. ეს არის სამანდატო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეუფე საბა გიგიბერია და სარედაქციო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეუფე ანდრია გვაზავა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი და კომისიის ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ, რომ საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი", - ამბობს დეკანოზი იოანე გორელიშვილი.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია 142-ე პატრიარქს 16 მაისამდე აირჩევს. გაფართოებულ კრებას წინ უძღვის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც 3 კანდიდატი უნდა დასახელდეს. სხდომის თარიღი ჯერ უცნობია. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ეკლესიის ახალი წინამძღოლი 26 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 60 დღის ვადაში უნდა აირჩიონ. მღვდელმთავრებმა ისტორიული დღისთვის ადგილი უკვე შეარჩიეს. 3 მარტს წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, სწორედ ილია მეორის კურთხეულ, სამების საკათედრო ტაძარში აირჩევენ. ამ დღეს პატრიარქის ინიციატივით აშენებულ ტაძარში 2000 ადამიანი შეიკრიბება, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ექნებათ. პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის, ვინც, სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან, უმრავლესობას ანუ მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს.