
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „თბილსერვის ჯგუფი“ სასაფლაოების მიმდებარედ ნარჩენებისთვის სპეციალურ კონტეინერებს განათავსებს.
„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ პერიოდში სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული.
პროცესში ჩართულნი არიან „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობენ. დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში განთავსდება ნარჩენებისთვის სპეციალური კონტეინერებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა შპს „ეკოსერვის ჯგუფიც“.