
აშშ და ირანი, რეგიონული შუამავლების ჯგუფის მონაწილეობით, 45-დღიანი შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რამაც შეიძლება ომი დაასრულოს. ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანამოსაუბრეები მიიჩნევენ, რომ უახლოეს 48 საათში შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა ეს ომის სერიოზული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად უკანასკნელი მცდელობაა.
წყაროების თქმით, აშშ-სა და ისრაელს უკვე მომზადებული აქვთ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების გეგმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ საპასუხოდ ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხმება თავს. Axios-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გააგრძელა, რათა შეთანხმების მისაღწევად ბოლო შანსი მიეცა. 5 აპრილის საღამოს ტრამპმა ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოაქვეყნა პოსტი: „სამშაბათი, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათი“.
მოლაპარაკებებში შუამავლებად პაკისტანი, ეგვიპტე და თურქეთი მონაწილეობენ. მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის მიმოწერით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე წინადადება გადასცა, თუმცა თეირანს ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ მიუღია.
4 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ თუ თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება და ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ორ დღეში ირანს „ჯოჯოხეთი დაატყდება თავს“. მეორე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა უფრო მკვეთრი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ირანის ხელმძღვანელებს „გიჟი ნაბიჭვრები“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ ისინი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან, „ჯოჯოხეთში იცხოვრებენ“.