
12-მა ნაფიცმა მსაჯულმა 3 საათიანი მსჯელობის შემდეგ ქმრის, ლუკა დარასელიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს", 25 წლის თეკლა გერსამიას ერთხმად გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა. მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გერსამია დამნაშავედ ცნეს, მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას არ აღიარებს. ამტკიცებდა, რომ ლუკა დარასელიამ თვითდაზიანების მიზნით მიიყენა ჭრილობა, თუმცა მისი ეს ვერსია ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს და ახალგაზრდა ქალი დამნაშავედ ცნეს.
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა შვილმკვდარ დედას, ინგა ესართიას. ის განაჩენით კმაყოფილია:
"მადლობას ვუხდი ნაფიც მსაჯულებს, რომ ეს სიმართლე დაინახეს, მიხვდნენ, რომ მართლა უდანაშაულო იყო ჩემი შვილი და რომ ეს თვითმკველობა არ ყოფილა. უფალმა დალოცოს ყველა მსაჯული, ვინც რეალობა შეაფასა სათანადოდ. უღრმეს მადლობას ვუხდი საქმის პროკურორებს, ბატონ გიორგი ქობულაძეს და ნათია გურულს ამდენი შრომისთვის. მართლა სული და გული ჩადეს, რომ ეს სიმართლე სწორად და გარკვევით მიეტანათ ნაფიც მსაჯულებამდე. მადლობა ასევე პროკურორ გია შაიშმელაშვილს, მადლობა საქმის გამომძიებელ ილია თოფურიას, კიდევ ერთ გამომძიებელს, ნოზაძეს და ყველას, ვინც ამ საქმეში ჩართული იყო, რომ სიმართლე გაერკვიათ. მადლობა მოსამართლეს, ნამდვილად სამართალმა იზეიმა და გაირკვა, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა.
რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, რომელიც ასე ძალიან აინტერესებს ყველას და სოციალურ ქსელში სულ ამას კითხულობენ. მოტივი, რის გამოც მან ჩემი შვილი მოკლა, მისი ტელეფონიდან მოიძიეს. მკვლელის სახელის წარმოთქმაც მზარავს, ამ ქალბატონის ტელეფონიდან ამოღებულია ყველაფერი, ჩანაწერები, ხმოვანები და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიმძიმდა, ამ ყველაფერს რომ ვუსმენდი სასამართლოზე. ძალიან მიჭირდა, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ვუძლებდი ლუკას ხათრით, რომ ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა, შუა გზაზე არ მიმეტოვებინა და დამემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და თავი არ მოუკლავს.
მას ქალს ვერ ვუწოდებ, ყოფილა გარყვნილი, უგულო ადამიანი, რომელსაც ასევე თავისი დაქალის საქმროსთან ჰქონდა თურმე სასიყვარულო ურთიერთობა. ის ბიჭი ლუკასთან ძმაკაცობდა, მისგან გაიცნო ეს ქალი ჩემმა შვილმა. მეგობრობდნენ, ძმაკაცობდნენ, ლუკა და ის ბიჭი, მან იცოდა, რომ ლუკასთან ერთად იყო თეკლა, შეყვარებულები იყვნენ, მერე დაქორწინდნენ, ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ მაინც წერდა ამ ქალს სასიყვარულო მესიჯებს. ის ბიჭი ციხეში იყო, ჩემი შვილის მკვლელი მას აკითხავდა ციხეში, უგზავნიდა ამანათებს, ჩემი შვილი ენდობოდა მას თვალდახუჭული რატომღაც, არ ვიცი, რატომ ენდობოდა ასე.
ამოღებულია და საქმეში დევს იმ ბიჭის გამოგზავნილი წერილები, ნაფიცებმა მოისმინეს ყველაფერი. ბიჭი წერდა, სულ მივლი შენ, ყურადღებას მაქცევ, შემიყვარდი, მიყვარხარ, ჩემი ცხოვრება ხარო, არადა იცოდა, რომ ამ დროს ლუკას ცოლი იყო. ამის მიუხედავად მაინც ამას აკეთებდა, ეს ქალბატონიც იქითაც უგზავნიდა წერილებს, ურიცხავდა ფულს. ეს იყო მიზეზი ამ ტრაგედიის. ჩემი ვარაუდით, იმ დღეს ლუკამ ნახა მის ტელეფონში ეს შეტყობინებები, ეს არ აპატია, გადაწყვიტა წამოსულიყო სახლიდან, ეტყობა იცოდა, რომ ლუკა იმ ბიჭთან გაარკვევდა ამას, გამოვიდა ლუკა სახლიდან, გამოეკიდა ჩემს შვილს და სადარბაზოში მოულოდნელად პირდაპირ გულში ჩაარტყა დანა.
იმ სიტყვებსაც ვერ გავიმეორებ, რეებს წერდნენ ბიჭები და ეს როგორ პასუხობდა. ამ დროს ლუკაზე ამბობდა ჩემი ქმარი არისო, პარალელურად სხვებსაც წერდა. ჩემი შვილი მას ენდობოდა და დარწმუნებული ვარ არც ტელეფონს შეუმოწმებდა არც არაფერი. მაგრამ იმ დილით რატომღაც ეტყობა ნახა. იმ დილით მოწერილი სმს ეტყობა წაიკითხა ლუკამ. მკვლელობის მერე ვიგებთ, რომ ლუკას ისე გაყვა, ქმარსაც კი არ იყო დაშორებული ოფიციალურად, მისი ქმარიც ციხეში იჯდა. მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე აქვთ ხელი ოფიციალურად მოწერილი ჩემს შვილთან, არადა მე სულ მეუბნებოდა გაშორებული ვარ, არანაირი პრობლემა არ მაქვსო.
ამოღებულია ჩანაწერები, საიდანაც ჩანს მისი ოჯახის წევრები როგორ ცდილობდნენ ჩემი შვილის მკვლელობის ჩაფარცხვას, ლაპარაკობენ იმ ჩანაწერებში ერთმანეთში, ფული გადავუხადოთ პროკურატურას, ის გავაკეთოთ, ეს გავაკეთოთ, ფსიქიატრიულს მივაწვეთ, ვითომ ფსიქიური ავადმყოფია და ცუდად არისო. ეს ყველაფერი მოისმინა ნაფიცებმა და ამ ყველა მტკიცებულების მოსმენის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ინგა ესართიამ.
კვირის პალიტრა