რეზონანსი
05.04.2026

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება.

როგორც მიქელაძე „ფეისბუქის" გვერდზე წერს, „შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის „შეკერვა".

„რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ სადიგოვი ბაქოშია, მისი ნათესავების სახლში. როგორც ჩანს, ბაქოში დაკითხვის შემდეგ, მას სახლში წასვლის უფლება მისცეს. ჩვენ რამდენიმე საათში შევძლებთ მასთან საუბარს და მეტი გარემოების გაგებას. თქვენც აუცილებლად გაგიზიარებთ დეტალებს. მნიშვნელოვანია, მოვლენებს დავაკვირდეთ ძალიან მჭიდროდ. შეიძლება რეჟიმის გეგმა იყოს რამდენიმე კვირაში ან თვეში მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის შეკერვა. ამ მასშტაბის სპეცოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ენდო ავტოკრატებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი იმისა, თუ ალიევის რეჟიმის სინამდვილეში რა უნდა, იქნება ის, უახლოეს დღეებში აფგან სადიგოვს მისცემენ თუ არა აზერბაიჯანის დატოვებისა და მის ოჯახთან გაერთიანების უფლებას",-წერს მიქელაძე.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×