რეზონანსი
04.04.2026

საინვესტიციო ბანკ „გალთ ენდ თაგართის“ კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, მარიამ ჩახვაშვილი „ანალიტიკას“ ეთერში განმარტავს იმ მიზეზებს, რამაც პირველი აპრილიდან დენის ტარიფის ზრდა გამოიწვია. მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ფორმირება რამდენიმე კომპონენტზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაცაა იმპორტზე დამოკიდებულება და ქსელში განხორციელებული ინვესტიციები. მარიამ ჩახვაშვილის განმარტებით, ტარიფი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს თავისი წვლილი შეაქვს საბოლოო ციფრში:

„ორი მსხვილი კომპონენტი აქვს ტარიფს: ერთი ელექტროენერგიის ღირებულებაა და მეორე მისი გადაცემა-გატარების ტარიფი. ანუ, რა ღირს ელექტროენერგია საბითუმო ბაზარზე და რა ჯდება მისი მიტანა მომხმარებლამდე. რა თქმა უნდა, მესამე კომპონენტი, რაც არ არის დასაკარგი, არის დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც 18%-იან ტვირთად აწვება ამ ტარიფს“, - ამბობს ჩახვაშვილი.

ექსპერტის თქმით, ტარიფის ცვლილება მოულოდნელი არ ყოფილა.

„ტარიფის ზრდისას ამ კომპონენტებიდან ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდა გატარებაზე, ყველაზე დიდი წონა და გავლენა ამას ჰქონდა. გადაცემა-დისტიბუციის ტარიფები დგება ხუთწლიანი პერიოდისთვის და ზუსტად დეკემბერში დამთავრდა წინა რეგულირების პერიოდი. შესაბამისად, ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება, ამას იმიტომ ველოდით ყველანი, რომ ეს ხუთწლიანი პერიოდი გავიდა. ინვესტიციები და ქსელის გაჯანსაღება რომ არის გათვალისწინებული, ძალიან კარგია. მართლა, რომ რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა 2026 არ უნდა იდგეს და ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო ტარიფში ამ ნაწილის ჩადება“, - ამბობს ჩახვაშვილი.

„გალთ ენდ თაგართის“ ანალიტიკოსი ყურადღებას ელექტროენერგიის თვითღირებულებაზეც ამახვილებს. მისი თქმით, გაზრდილი მოხმარების ფონზე, ქვეყანას სულ უფრო მეტი ძვირადღირებული რესურსის გამოყენება უწევს, მაშინ როცა ენგურჰესის (იაფი რესურსის) წილი პროპორციულად მცირდება.

„რაც შეეხება თვითღირებულებას, ის ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი არის თვითონ გაზრდილი მოხმარება. გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილება კი, ძირითადად, იმპორტით ხდება. იქნება ეს თბოსადგურების გენერაცია, იმპორტირებულ გაზზე მუშაობა, თუ იქნება ეს პირდაპირ ელექტროენერგიის იმპორტი (და იმპორტი ცალსახად უფრო ძვირია), ამ სადგურების გამომუშავება უფრო ძვირი ღირს, ვიდრე, მაგალითად, ენგურის გენერაცია, რომლის წილიც, ამ გაზრდილ მოხმარებასთან ერთად, ნელ-ნელა მცირდება.

ენგური არის იაფიანი რესურსი. არ ვიცი, ენგური რომ არ გვქონდეს, რა გვეშველებოდა პირდაპირ რომ ვთქვათ. ეს სადგური გვიბალანსებს საათობრივ გენერაციას, გვაძლევს საშუალებას, რომ მოსახლეობას იაფი ტარიფი ჰქონდეს. ეს სადგური გვეშველება სეზონური რეგულაციის დროს და მაინც ისეთი დეფიციტია ქვეყანაში, რომ იანვარში 64% გვქონდა იმპორტდამოკიდებულება, რაც რეკორდულად მაღალი იყო.

შესაბამისად, ოდნავ გაზრდილი მოხმარება, ცივი ზამთრიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაითარგმნა მაღალ იმპორტდამოკიდებულებაში, ქსელის გათიშვაში და ყველაფერში. ეს ყველაფერი მოგვარდება არა მარტო ინვესტიციებით, არამედ უფრო მეტი ინვესტიციით გენერაციის ობიექტებში“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

ის მიიჩნევს, რომ სისტემის სტაბილურობისთვის ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა გადამწყვეტია.

„მთლიანობაში ანალიზი რომ გავაკეთოთ, მოხმარება 3%-ით არის გაზრდილი, თუმცა აქაც აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მოხმარებაც გაზრდილია და ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგია მეტად მიაქვს. ალბათ, პირველადი ნაბიჯები უნდა იყოს, რომ გენერაციის ობიექტები დაგვემატოს სისტემაში, თორემ ეს ტარიფის ზრდა არ არის კატასტროფული. რეალურად რომ შევხედოთ, ისტორიულად, ტარიფების დიდი ზრდა გვქონდა 2021-ში, მერე უკან ჩამოვიდა და იმოძრავა, მაგრამ ბოლო 10-15 წლიან პერიოდს რომ შევხედოთ, ელექტროენერგიის ტარიფი ბევრად უფრო ნაკლებად არის გაზრდილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის. ინფლაციური წნეხი იქნება თუ სხვა ფაქტორები, ეს ამ სექტორს არ გაჰყოლია“, - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

სემეკის გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან, თბილისისა და რეგიონის მოსახლეობისთვის ტარიფი 5 თეთრით გაძვირდა, ხოლო კომერციული სექტორისთვის (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში) ფასნამატი 4-6 თეთრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×